ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

პაპუაშვილი: მოსამართლეებზე ზეწოლაზე მსურს, უმაღლეს თანამდებობის პირებს ვესაუბრო

ტაბულა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიმდინარე ზეწოლასთან დაკავშირებით, თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მზადაა, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან დეტალურად ისაუბროს. ამის შესახებ მან დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

პაპუაშვილის თქმით, ზეწოლა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, რუსთავი 2-თან და გიგი უგულავასთან დაკავშირებული საქმეები სასამართლოში ახლა განხილება.

"ეს[ზეწოლა] დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომელიც ახლა განიხილება სასამართლოში. მიმართულია იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ხელისუფლების სასარგებლოდ ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

მთავარი ამოცანა ამ განცხადების არის ის, რომ მოვახდინოთ პრევენცია, აღვკვეთოთ ის საგანგაშო ფაქტები, რომლებიც ხდება, რომ სასამართლომ შეძლოს ნორმალურად ფუნქციონირება და გადაწყვეტილება მიიღოს შინაგანი რწმენისა და კონსტიტუციის და არა ზეწოლისა და მუქარის საფუძველზე. ეს მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის დემოკრატიისთვის და მზად ვარ, უფრო დეტალურად ვისაუბრო ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან", - თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა დეტალებზე არ ისაუბრა, რადგან, მისი თქმით, ფაქტები მოსამართლეების პირად ცხოვრებას უკავშირდება. თუმცა, თქვა, რომ "მოსამართლეებს აშანტაჟებენ, რომ მათი ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების კომერციულ საქმიანობას შეავიწროებენ, რომ მათ ახლო ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით. ასევე, ემუქრებიან პირადი ხასიათის, ძირითადად ფალსიფიცირებული ინფორმაციის გასაჯაროებით", - ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები