საკონსტიტუციო სასამართლო

ომბუდსმენი: სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოსამართლეების დამოუკიდებლობა

სახალხო დამცველის ოფისი ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის გუშინდელ განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს.

"კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა მოსამართლის დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა. ყველანაირი ფაქტზე, თუკი საუბარია ზეწოლასა და შანტაჟზე, აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოები მყისიერად და ყველა ამ ფაქტზე უნდა მოხდეს სათანადო რეაგირება", - თქვა ომბუდსმენის მოადგილე ნათია კაციტაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. "მოსამართლეებს აშანტაჟებენ, რომ მათი ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების კომერციულ საქმიანობას შეავიწროებენ, რომ მათ ახლო ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით. ასევე, ემუქრებიან პირადი ხასიათის, ძირითადად ფალსიფიცირებული ინფორმაციის გასაჯაროებით. ყველა ეს ფაქტი უკავშირდება მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებს, რომლებიც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები