აშშ-თურქეთი

ბაიდენი: აშშ მზადაა, თურქეთის ხელისუფლებას გამოძიებაში დაეხმაროს

huffingtonpost.com

თეთრი სახლის ოფიციალური განცხადების თანახმად, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თურქეთის პრემიერ ბინალი ილდირიმთან სატლეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ მზადაა, ითანამშრომლოს თურქეთის ხელისუფლებასთან სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების პროცესში.

ბაიდენის თქმით, აშშ თურქეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ გადატრიალების მცდელობაში ეჭვიტანილი პირების მიმართ სასჯელი სამართლებრივ ზომებში იყოს მოქცეული და საზოგადოებაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობა სწრაფად აღდგეს.

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელით კიდევ ერთხელ დაგმო გასულ კვირას მომხდარი წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა ასევე მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა თურქეთის დემოკრატიის მიმართ.

გარდა ამისა, მხარეებმა ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო თანამშრომლობის გამყარების შესახებაც იმსჯელეს.

კომენტარები