საქართველო-რუსეთი

საქართველო რუსეთის ბატონობის ქვეშ

წითელი არმია თბილისში
ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი

წერილი დაწერილია 1921 წლის, 22 ივლისს ომის კორესპონდენტის, ჰენრი ნევინსონის, მიერ. ის "მანჩესტერ გარდიანის" რედაქტორს წერს თავის მოსაზრებას იმ პერიოდის საქართველოსა და რეგიონის მდგომარეობის შესახებ.
გამოქვეყნებულია გარდიანზე.


სერ, ახლახანს მივიღე დიდი მოცულობით ინფორმაცია საქართველოს მდგომარეობის შესახებ, რომელიც რუსეთის ბატონობის ქვეშაა. ეს მდგომარეობა, სამწუხაროდ, მარტში განახლდა რუსული და სომხური ჯარების შეჭრის შემდეგ. არ შემიძლია, გითხრათ, ვინ მომაწოდა ეს ინფორმაცია, რადგან ზოგიერთი ისევ თავის ქვეყანაში იმყოფება. იქ რუსეთის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდნენ, მანამდე კი, ცარიზიმის პერიოდში,  დევნილობაში იყვნენ.

ყველა მათგანი სოციალისტია. უნდა გვახსოვდეს, რომ სულ მცირე 2 000 ქართველი სოციალისტი - "მენშევიკები", სოციალ-რევოლუციონერები და რუსეთის ცენტრალიზებული  მთავრობის სხვა ოპონენტები  ახლა ციხეში არიან საკუთარი ქვეყნის თავისუფლების დაცვის გამო.

ჩემი ინფორმაციით, საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა იმის მსგავსია, რაც ცარიზმის რეჟიმის დროს იყო. განსხვავება არის ის, რომ  ეს რეჟიმი ქვეყანაში უფრო მეტ ადამიანს ეხება პირადად. ეს არის მილიტარისტული და იმპერიალისტური რეჟიმი. მთავრობას რუსებისა და სომხების ვიწრორადიუსიანი ბიუროკრატია შეადგენს. ოფიციალური პირების უმეტესობა ის „ხულიგნები“ არიან, რომლებიც ჯაშუშებად და საიდუმლო პოლიციელებად მუშაობდნენ ცარიზმის დროს, მაგრამ ახლა საკუთარ თავს ბოლშევიკებს უწოდებენ. ქართველები ყველგან დაითხოვეს. ბათუმიდან ბაქოსკენ მიმავალი რკინიგზის გასწვრივ ყველა ცენტრს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

ოფიციალურ პირებს სასაცილოდ არ ჰყოფნით ქართველების მოთხოვნები დამოუკიდებლობისა და ეროვნულობის შესახებ. აქ ახალი არაფერია - რუსეთი ყოველთვის ასე ექცევა დაპყრობილებს. ეს იცის ყველამ, ვისაც რუსეთის ტერიტორიაზე უმოგზაურია. 1905-06 წლებში, როცა  საქართველომ სცადა, აღედგინა თავისუფლება, მე თვითონ ვნახე მეფის რუსეთის არმიის მიერ გადამწვარი და განადგურებული დასავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი. ეს ყველაფერი მათთვის დამახასიათებელი მილიტარისტული ზიზღით გაკეთდა. სიახლე მთელი ქვეყნის მიზანმიმართული ძარცვაა.

რუსი სამხედროები სოფლიდან სოფელში დაწანწალებენ და ანადგურებენ ყველაფერს, რაც ქართველ გლეხებს შეუქმნიათ. საქართველო კი, გარდა იმისა, რომ არის ყველაზე ლამაზი ქვეყანა, რომელშიც ოდესმე ვყოფილვარ, თავისი ბუნებით ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერიცაა.

დოვლათის ყველა სახეობა, დაწყებული ორთქლმავლებიდან, დამთავრებული წამლებითა და ქაღალდით, მოიპარეს და ბაქოსა და კასპის გზით რუსეთში წაიღეს. მთავარი გამონაკლისი  ხალიჩები და ფარდაგებია (ძირითადად, სპარსული), რომელიც საკვების ნარჩენების სანაცვლოდ, გერმანელ და იტალიელ სპეკულიანტებს მიჰყიდეს. ამ მტაცებლებს მსგავსი გარიგებები აქვთ ძვირფასეულობასთან დაკავშირებითაც. ყველა ქართული წიგნი განადგურებულია. არავის აქვს უფლება, შეინახოს ნებისმიერი ჟანრის 300-ზე მეტი წიგნი. ამ დროს კი, ქართველები ინტელექტუალები და ღრმად განათლებულები არიან.

თუმცა, საკვები ახლა მთავარი საკითხია. რუსული ფული არაფრად ფასობს, ამაზე საუბარიც კი სასაცილოა. მაგალითად, გასულ თვეში, მიახლოებითი გამოთვლით, 1 ინგლისური გირვანქა სტერლინგი 110,000 რუბლს უტოლდებოდა. (რომლის ნომინალური ღირებულებაც ომამდე 11,000 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა). იმ დროისთვის, ერთი გირვანქა პური 2,110 რუბლი ღირდა, ერთი გირვანქა ბეკონი - 10,000 რუბლი, ერთი გირვანქა კარაქი კი - 12,000 რუბლი.  ბოლო კვირის მონაცემებით, ზრდა იმდენად დაუჯერებელია, რომ რიცხვების დასახელებაც არ ღირს, ვერც კი შევადარებთ ასე ღირებულებას. ხალხმა შეწყვიტა ჩემოდნებით რუბლების ტარება და  საქონლის გადაცვლის პრიმიტიულ ფორმებს დაუბრუნდა. რუსეთში კი, ყოველდღიური საკვები გაიცემა კლასების მიხედვით, რომელიც განისაზღვრება მათი სამუშაოთი. თუმცა, ოფიციალური პირებისა და რუსი სამხედროების გარდა, მთელი მოსახლეობა შიმშილობს და ყველაზე მგზნებარე პატრიოტებიც კი, მეტს ფიქრობენ პურის ქერქზე, ვიდრე თავისუფლებაზე.

ქართველებს, თავის მხრივ, სჯერათ, რომ მათი მომავალი, უფრო ზუსტად, მათი არსებობა, დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის პოზიციაზე გერმანიისა და ცენტრალური ევროპის მიმართ. მათ შესაძლოა, იმედი აქვთ, რომ ჩვენ ცენტრალურ ევროპას ისევ დასავლური ცივილიზაციის ნაწილად ვაღიარებთ. თუკი ასე არ მოხდება, ისინი წინასწარმეტყველებენ მძვინვარე რეაქციას გერმანიაში, რაც გამოიწვევს იმავეს  რუსეთში - ძლიერ ალიანსს ამ ორ ქვეყანას შორის და საქართველოსა და  სხვა პატარა ერების მოსპობას. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ხალხის განადგურება მარტივი საქმე იქნება, მათი ოდენობის გათვალისწინებით.

ახლანდელ რუსეთის ხელისუფლებას კი არ აინტერესებს საქართველო არცერთ შემთხვევაში, გარდა მისი ნაყოფიერებისა და მინერალური სიმდიდრისა. როგორც ახლა მაცნობეს, მთელი მათი [რუსეთის] ყურადღება ამჟამად მიმართულია უფრო ფართო მიზნებისკენ სამხრეთით და აღმოსავლეთით, როგორც უკვე დაწერა თქვენს სვეტებში ჩემმა მეგობარმა, არტურ რენსამმა.

*1 გირვანქა - წონის ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც უდრის 453,59 გრამს. 

კომენტარები