აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ჰილარი კლინტონმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ კეინი დაასახელა

Getty Images

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ვირჯინიის შტატის სენატორი, ტიმ კეინი წარადგინა.

ეს ინფორმაცია მხარდამჭერებს კლინტონმა საკუთარი Twitter-ის გვერდის საშუალებით, გუშინ აცნობა. დღეს კი კლინტონი კეინს ფორმალურად, ოფიციალურად წარადგენს.

გადაწყვეტილება კლინტონმა, თავის მთავარ მრჩევლებთან რამდენიმე კვირიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. როგორც ცნობილია, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კლინტონმა, აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტსა და კლინტონის თანაპარტიელ ბარაკ ობამას ტელეფონით აცნობა. გარდა ამისა, კლინტონმა საკუთარ მხარდამჭერებს, აღნიშნული ინფორმაცია ელექტრონული ფოსტითაც გააგებინა.

"ტიმი ცნობილია თავისი ბრძოლისუნარიანობით. ის მთელი ცხოვრებაა იბრძვის პროგრესული საქმეებისთვის. ტიმი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური კადრია ვიცეპრეზიდენტობისათვის. ის არის ადამიანი, რომელიც სავსეა ოპტიმიზმით, რომელსაც სჯერა, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, თუკი შენ მის გადასაჭრელად იშრომებ და პასუხისმგებლობით მოეკიდები", - აღნიშნავს კლინტონი ელექტრონულ წერილში.

ტიმ კეინი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარეა, ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, კლინტონის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატების სიაში ფავორიტად. The Hill-ის ინფორმაციით, კლინტონისთვის კეინის კანდიდატურის არჩევაში გადამწყვეტი როლი მისმა ეროვნული თავდაცვის ორგანოებში მუშაობის გამოცდილებამ ითამაშა. BBC კი აღნიშნავს, რომ კლინტონმა უარი თქვა უფრო მემარცხენე ღირებულებების მქონე კანდიდატებზე და აირჩია კეინი, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს მკვეთრად უჭერს მხარს.

კომენტარები