შსს ბურჭულაძის პარტიის წევრების დაკავებაზე: პოლიცია მოქმედებდა კანონიერად

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო პაატა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებისთვის დაკავებულების პოლიტიკური კუთვნილების შესახებ ცნობილი არ იყო, "თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკური კუთვნილება არცერთ პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს".

"შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გვიან ღამით, თბილისში, ანაპის დივიზიის ქუჩაზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც 1985 წელს დაბადებული ბუბა კ. მართავდა. ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მძღოლს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პრევენციული შემოწმება დაასრულეს, ავტომანქანის მგზავრებმა - 1971 წელს დაბადებულმა მურაზ ს.-მ და 1976 წელს დაბადებულმა კახაბერ დ.-მ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს. პოლიციელების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე მათგანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) დააკავეს.

რაც შეეხება ავტომანქანის დაზიანების ფაქტს, მფლობელის მხრიდან პრეტენზიის გამოხატვისთანავე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო. აქვე გვინდა, შევნიშნოთ, რომ სამართალდამცველებისთვის მათი პოლიტიკური კუთვნილების შესახებ ცნობილი არ იყო, თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკური კუთვნილება არც ერთ პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს", - წერია განცხადებაში.

ამასთან, უწყების მტკიცებით, სამართალდამცველები მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად. "საპატრულო პოლიციის მიერ ავტომანქანების შეჩერება-გადამოწმება, პრევენციის მიზნით, პერიოდულად ხორციელდება და მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვასა და შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას. პოლიცია აპოლიტიკური უწყებაა, შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მასთან მიმართებაში პოლიტიკური განცხადებებისა და ინსინუაციებისგან, რაც ამ უწყების დისკრედიტირებისკენაა მიმართული", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები