რიო 2016

ოლიმპიური კომიტეტი: კოსტიუმების შესარჩევად ტენდერის ვალდებულება არ გვაქვს

ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში რიო 2016-ის კოსტიუმებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ლევან ვასაძის "სამოსელი პირველი" მათ ყოველგვარი ტენდერისა და საჯარო კონკურსის გარეშე შეარჩიეს. კომიტეტში განმარტავენ, რომ ისინი სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ არ არიან, ამიტომაც საჯარო უწყებებში არსებული ვალდებულებები ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებით მათზე არ ვრცელდება. კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ სამოსელი პირველის შერჩევის ინიციატორი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე იყო. 

"როგორც ქალბატონმა ნინომ ბრძანა, ეს გადაწყვეტილება მიიღო კომიტეტმა, თავად ქალბატონი ნინოს ინიციატივა იყო, რომ ეს კოსტიუმები შეექმნა სამოსელ პირველს. ესკიზები აჩვენეს სპორტსმენებს. შეიქმნა ესკიზები, ქართული ტრადიციული ორნამენტებით და შინაარსით. ეს სამოსი აჩვენეს ქალბატონებს, მათ მოიწონეს, ერთობლივად რაღაც ცვლილებები შეიტანეს და ისე მივედით იმ ფორმებამდე, რომლებიც დღეს არის. იურიდიულად ვართ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლები ვართ, ამიტომაც გათავისუფლებული ვართ პასუხიმგებლობისგან, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი", - ამბობს ოლიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მარიკა კირვალიძე.

კოსტიუმებთან დაკავშირებით განმარტება თავად "სამოსელი პირველმაც" გააკეთა, კომპანიაში ამბობენ, რომ კოსტიუმები აჭარაში, გვიან შუასაუკუნეებში გავრცელებული მოსასხამის - ელეგის მოტივებზე არის შექმნილი.


ფოტო: სამოსელი პირველი

რაც შეეხება კოსტიუმების ღირებულებას, კომიტეტში ამბობენ, რომ სულ 80 კოსტიუმი შეიკერა, თითო კი ათასი ლარი დაჯდა.


ფოტო: facebook.com/sport.youth.georgia


ფოტო: facebook.com/sport.youth.georgia

კომენტარები