პრეზიდენტზე ზეწოლა

პრეზიდენტი: პაპუაშვილმა ვერ გამაოცა, ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს. პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შეხვდა.

"სამწუხაროდ, მინდა, მოგახსენოთ, რომ მე ამ ფაქტებმა არ გამაოცა. საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, ახალი არ არის. დაახლოებით 1 თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო, გარკვეული სამართალდამცველების ჩართვით, ზეწოლის მცდელობა. ეს იყო რეალურად იმიტაცია. აქედან გამომდინარე, რაც მე მითხრა ბატონმა პაპუაშვილმა, ჩემთვის გასაოცარი არ არის", - თქვა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტებმა პრეზიდენტს მის ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობის დეტალების დაკონკრეტება სთხოვეს.

"გააჩერეს ქუჩაში და შემდეგ მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე, იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო. იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა", - თქვა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა მიზეზიც განმარტა, რატომ საუბრობს ზეწოლის მცდელობაზე ახლა.

"ამის თაობაზე საზოგადოება არ შევაწუხე, იმიტომ, რომ ჩემთვის ასეთი ტიპის ზეწოლა სასაცილოა და არანაირად არ შემეხებოდა. როცა ვნახე, რომ ტენდენცია ღრმავდება, ეს თემა გამოვიტანე საჯაროდ... ლაპარაკია პოლიტიკოსებისა და სამართალდამცველი სისტემის ერთობლივ მოქმედებებზე", - თქვა პრეზიდენტმა. 

გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა.

კომენტარები