ნარკოდანაშაული

შსს: სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალების 20 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 7,96 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული გიორგი რ. თბილისში დააკავეს. ბრალდებულს, ნარკოლოგიური შემოწმებით, ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“,- წერია განცადებაში.

უწყებისვე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები