კიკორია: დედოლარიზაციის პოლიტიკამ ლარში გაცემული სესხები უნდა გაზარდოს

facebook.com/BankOfGeorgia

16 ივნისს ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ცვლილებათა პაკეტი, რომლის შედეგადაც კომერციულ ბანკებს ლარში სახსრების მოზიდვა გაუიაფდათ, უცხოურ ვალუტაში კი გაუძვირდათ. საქმე ეხება კომერციული ბანკებისთვის დაწესებულ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, რომელთა ცვლილებითაც ეროვნულ ბანკს ამა თუ იმ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობის გაზრდა/შემცირება შეუძლია. 16 ივნისიდან ლარში სარეზერვო ნორმა 10%-დან 7%-მდე შემცირდა, დოლარში კი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია აფასებს, მისი თქმით, პოლიტიკის ცვლილების შედეგების დასანახად ჯერ მცირე დროა გასული, თუმცა მან ლარში გაცემული სესხების მოცულობის ზრდას ხელი უნდა შეუწყოს. კიკორია არ საუბრობს იმის შესახებ, გამოიწვევს თუ არა ცვლილებები დოლარში გაცემული სესხების გაძვირებას, თუმცა თავად ეროვნულმა ბანკმა დოლარში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები იმ მიზნით გაზარდა, რომ მას უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები გაეძვირებინა. 

"ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს დედოლარიზაციას. ამ ცვლილების შემდგომ დიდი დრო არ არის გასული, თუმცა ის აუცილებლად აისახება ბაზარზე იმ კუთხით, რომ ლარში გაცემული სესხების მოცულობა უნდა გაიზარდოს, რის ტენდენციებიც შეიმჩნევა. რაც შეეხება დოლარში გაცემულ სესხებს, აქ გაძვირება არ მომხდარა, სესხებზე მოთხოვნა სტაბილურია, ახლა ზაფხულია, ვნახოთ, დავაკვირდეთ, როგორ იქნება ამ მიმართულებით ბაზარზე მდგომარეობა", - ტაბულას პასუხობს მურთაზ კიკორია.

"სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებით ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა იქონიოს ბანკების მიერ დაკრედიტების მოცულობაზე და საპროცენტო განაკვეთებზე. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც უცხოური ვალუტით სესხების საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედების საშუალება. მაგალითად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდა აძვირებს ბანკებისათვის რესურსის მოზიდვის ხარჯებს, რაც შესაბამისად იწვევს გაცემულ უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც", - წერია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

ეროვნული ბანკის მიერ უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზევრო მოთხოვნის გაზრდა ეკონომიკისთვის ნეგატიურ ნაბიჯად მიაჩნია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ რომან გოცირიძეს. გოცირიძის შეფასებით, დოლარში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იყო და მან ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი. შეგახსენებთ, სარეზერვო ნორმების ცვლილება ივნისში მოხდა, რა დროსაც ლარს მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა.

კომენტარები