არჩილ გეგეშიძე

არჩილ გეგეშიძე თანამდებობაზე რჩება

არჩილ გეგეშიძე
facebook.com/profile.php?id=100006623681625&fref=ts

საქართველოს ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძე თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ დღეს ამბასადორიალზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ელჩს მეტი წინდახედულობა მართებს, თუმცა, გეგეშიძემ გააკეთა განმარტებები და ამჟამად ყველა საკითხი ამოწურულია.

"არჩილ გეგეშიძე რჩება თანამდებობაზე. მან გააკეთა განმარტებები, ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ელჩს მეტი წინდახედულობა მართებს, როდესაც ასეთი ტიპის კომუნიკაცია ხდება, თუმცა, თემატურად ყველა საკითხი ამოწურულია", - თქვა მიხეილ ჯანელიძემ.

არჩილ გეგეშიძეს დღეს ჟურნალისტებთან ბევრი არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ ის ინტერპრეტაციები, რაც მის განცხადებებს მედიაში მიეცა, მიუღებელია.

"ის ინტერპრეტაციები, რაც მიეცა მედიაში, საზოგადოებაში ამ ამბავთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება ჩემთვის იყო უცნაური და მიუღებელი", - თქვა გეგეშიძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე თბილისში გამოიძახა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რაც მან ნეტგაზეთთან ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებაში არსებული პრორუსული ძალების შესახებ გააკეთა.

"გასაგებია მათი [პრორუსული განწყობის პოლიტიკოსების] არსებობა [ხელისუფლებაში]. ეს იმას ნიშნავს, რომ პლურალისტური მიდგომა არსებობს. მაგრამ ისინი გადაწყვეტილების პროცესზე გავლენას ვერ ახდენენ. ერთია, როცა პროპაგანდა გარედანაა ინსპირირებული და მეორე, როცა ქვეყანაში ცდილობენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი რეალურად შედეგის მომტანი არაა", - თქვა გეგეშიძემ.

ასევე, არჩილ გეგეშიძემ ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის დამსახურებაა ის, რომ ქართველებს "სპარსელებივით მუგუზალივით შავი წარბები და თმები" არ აქვთ.

"ეს თემა ისტორიკოსების გასარჩევია. ფაქტია, რომ ვარსებობთ და რომ არა ეს [გეორგიევსკის] ტრაქტატი, სპარსელებივით მუგუზალივით შავი წარბები და თმები გვექნებოდა. ის, რომ ქართველები გვქვია, ქართული ცნობიერება გვაქვს და გამოგვარჩევენ, როგორც ერს, ეს ჩვენი წინაპრების დამსახურებაა" - თქვა მან.

კომენტარები