მონეტარული პოლიტიკა

რა უნდა ვიცოდეთ ეროვნული ბანკის ხვალინდელი გადაწყვეტილების შესახებ

კობა გვენეტაძე
ტაბულა

ხვალ 27 ივლისს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს. კომიტეტის გადაწყვეტილებაზე მრავალი რამ, მათ შორის ეკონომიკური ზრდა და ქვეყანაში არსებული ფასების დონეა დამოკიდებული. საქმე მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების განაკვეთის) დონეს ეხება. დღეს ეს განაკვეთი 7%-ზეა, თუმცა იმის გამო, რომ მაისსა და ივნისში საკმაოდ დაბალი ინფლაციის მაჩვენებლები (მაისი2,1%, ივნისი 1,1%) იყო ეროვნული ბანკი მას მაღალი ალბათობით შეამცირებს, რაც ქვეყანაში სესხების მოცულობის ზრდას და ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს.

ეროვნული ბანკის მიზანს ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს. ბანკი სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელს ადგენს და ამ ინფლაციის მისაღწევად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ზრდის ან ამცირებს. 2016 წელს სამიზნე ინფლაცია 5%-ია, 2017 წლისთვის - 4%, ხოლო 2018 წლისთვის - 3%. 

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 5-6%-მდე შემცირდება.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ხვალ 14:00-ზე გახდება ცნობილი. 

კომენტარები