განზრახ მკვლელობა

შსს-მ ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დედა-შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, 22 თებერვალს ზემო ფონიჭალაში მომხდარი ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მარიამ მამფორიას მკვლელობისთვის 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი გიორგი ხ. თბილისში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ხ.-მ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, დილით, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად, მოკლა 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით - მისი მცირეწლოვანი შვილი, მარიამ მამფორია, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაულის ჩადენის იარაღსა და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყებისვე ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და, მათ შორის, მცირეწლოვნის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები