მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

ალტერნატივა ჯორჯია: მოსახლეობის 69.4 % მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ემხრობა

დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა "ალტერნატივა ჯორჯიამ", დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, 2015 წელს ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 69.4% მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ემხრობა. პატიმრობა შესაფერის ზომად მხოლოდ 12.1%-ს მიაჩნია.

რაც შეეხება ადამიანის დაჯარიმებას მარიხუანის მოწევისთვის, კვლევის თანახმად, ამას დაუშვებლად გამოკითხულთა 43.8% მიიჩნევს, დასაშვებად 37.8%.

ამასთან, მოსახლეობის დიდი ნაწილი, 54.5%, თვლის, რომ ადამიანებს არ უნდა აპატიმრებდნენ ნარკოტიკების ინექციურად მოხმარების გამო, საპირისპირო პოზიცია აქვს 25.1%-ს.

რაც შეეხება ჯარიმას ინექციური ნარკოტიკის მოხმარებისთვის, 46.2%-ისთვის ეს ზომა მისაღებია, ხოლო 34.8% პირიქით, დაუშვებლად მიიჩნევს.

კვლევისვე მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას (69%-70%) მიაჩნია, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი უფრო დაავადებულია, ვიდრე კრიმინალი (14%-15%).

კვლევა 2015 წლის 8-28 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირისპირი ინტერვიუების გზით გამოიკითხა 18-64 ასაკობრივ ჯგუფში მყოფი 4 805 საქართველოს მოქალაქე (მათ შორის, 55.7% ქალია). შერჩევისას გამოირიცხა მოსახლეობის ინსტიტუციებში მყოფი ნაწილი (მაგ. საპატიმრო დაწესებულებები). კვლევა დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ (CzDA).

მსგავსი კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.

 

იხილეთ სტატია მარიხუანის მოხმარებაზე საქართველოში.

კომენტარები