თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება

კვლევა - თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება საქართველოში

thedailychronic.net

დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა "ალტერნატივა ჯორჯიამ", დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, 2015 წელს ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ კვლევა ჩაატარა. შედეგების თანახმად, რესპონდენტთა უდიდეს ნაწილს - 91%-ს, ალკოჰოლი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონდათ მიღებული, ალკოჰოლის პირველად გასინჯვის საშუალო ასაკი 17.4 წელი იყო, ხოლო მინიმალური - 10 წელი.

იმ რესპონდენტთა წილი, რომლებმაც მოიხმარეს ალკოჰოლი ბოლო ერთი წლის მანძილზე, 71.1%-ს აღწევდა. რაც შეეხება ალკოჰოლის მოხმარებას რეგიონების მიხედვით:

კვლევის თანახმად, ალკოჰოლის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 30-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია.

რაც შეეხება თამბაქოს მოხმარებას - რესპონდენტთა 31%-მა თქვა, რომ გამოკითხვის მომენტისათვის ისინი თამბაქოს ეწეოდნენ. მწეველი მამაკაცების პროცენტული წილი მწეველი ქალების შესაბამის მაჩვენებელს მკვეთრად აღემატებოდა (60.5% vs 8.6%, შესაბამისად). კვლევის თანახმად, ქალაქში მცხოვრები ქალები უფრო ხშირად არიან თამბაქოს მომხმარებლები, ვიდრე სოფლად - მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მამაკაცებში კი გურიაში.

კვლევის თანახმად, რესპონდენტებში თამბაქოს პირველად გასინჯვის საშუალო ასაკი იყო 17.42 წელი. იგივე მაჩვენებელი ქალაქებში მცხოვრები მამაკაცებისათვის 16 წელი იყო, ხოლო სოფლად მცხოვრები მამაკაცებისათვის - 17. ქალ რესპონდენტებში თამბაქოს პირველად მოწევის საშუალო ასაკი იყო 18 წელი, როგორც ქალაქებში, ისე სოფლად. თამბაქოს პირველად მოწევის მინიმალური მაჩვენებელი მამაკაცებში იყო 7 წელი, ქალებში - 9.

კვლევის მიხედვით, მწეველ მამაკაცთა უმრავლესობა დღეში საშუალოდ 11-20 ღერ სიგარეტს ეწევა, ქალების მეტი წილი კი 1-დან 10 ღერამდე მოიხმარს.

კვლევა 2015 წლის 8-28 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირისპირი ინტერვიუების გზით გამოიკითხა 18-64 ასაკობრივ ჯგუფში მყოფი 4 805 საქართველოს მოქალაქე (მათ შორის, 55.7% ქალია). შერჩევისას გამოირიცხა მოსახლეობის ინსტიტუციებში მყოფი ნაწილი (მაგ. საპატიმრო დაწესებულებები). კვლევა დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ (CzDA).

კომენტარები