აზარტული თამაშები

კვლევა: აზარტულმა თამაშებმა მოთამაშეების 87%-ს ფინანსური პრობლემები შეუქმნა

www.123rf.com

დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა "ალტერნატივა ჯორჯიამ", დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, კვლევა ჩაატარა. შედეგების თანახმად, 2015 წლის მანძილზე ზოგადი მოსახლეობის 9% თვეში ერთხელ მაინც თამაშობდა აზარტულ თამაშებს. აზარტული თამაშების დაწყების საშუალო ასაკი ქალ რესპონდენტებში, ქალაქებში, უფრო მაღალი იყო, ვიდრე მამაკაცებში. რეგიონების მიხედვით, აზარტული თამაშების გავრცელების (წარსულში და ამჟამად) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა გურიაში, როგორც ქალაქებში, ისე სოფლად.

კვლევის თანახმად, აზარტული თამაშის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ლატარია და სპორტული და არასპორტული ფსონების ონლაინთამაშები. ყოველთვიურად აზარტულ თამაშებზე საშუალოდ 60 ლარი დაიხარჯა.

კვლევის მიხედვით, გასული წლის მანძილზე მოთამაშეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა (87%) თქვა, რომ აზარტული თამაშების გამო გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნათ, რის შედეგადაც ფასიანი ნივთების გაყიდვა ან ფულის სესხება მოუხდათ. 57-მა რესპონდენტმა (0.74%) დაადასტურა, რომ ბანკიდან სესხის გამოტანა მოუწიათ ან "მინუსში გაიყვანეს" თავიანთი საბანკო ანგარიში.

კვლევა 2015 წლის 8-28 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირისპირი ინტერვიუების გზით გამოიკითხა 18-64 ასაკობრივ ჯგუფში მყოფი 4 805 საქართველოს მოქალაქე (მათ შორის, 55.7% ქალია). შერჩევისას გამოირიცხა მოსახლეობის ინსტიტუციებში მყოფი ნაწილი (მაგ. საპატიმრო დაწესებულებები). კვლევა დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ (CzDA).

კომენტარები