საყოველთაო ინტერნეტიზაცია

საყოველთაო კომპიუტერიზაციით მოსახლეობა კომპიუტერებზე თანადაფინანსებას მიიღებს

Getty Images

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი, კომპიუტერიზაციის პროგრამის განხორციელება იგეგმება. ტაბულასთან პროექტის დეტალებზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ ისაუბრა. ქაშიბაძის თქმით, პროგრამას მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მის ფარგლებში რეგიონებში კომპიუტერული წიგნიერების ამაღლებისთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიება ჩატარდება, მათ შორის, მოსახლეობა მიიღებს სპეციალურ ვაუჩერებს, რომლითაც სახელმწიფო კომპიუტერის შეძენის თანადაფინანსებას მოახდენს. პროექტი ჯერ კიდევ დახვეწის ფაზაშია და მისი ოფიციალური პრეზენტაცია არ მომხდარა, ამიტომაც ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოცულობის კომპიუტერების თანადაფინანსებაზეა საუბარი.

"მიმდინარეობს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, პროექტის ფარგლებში მოხდება 2 ათას დასახლებულ პუნქტში ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების გაყვანა და შეიქმნება ღია დაშვების წერტილები. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ. ამ თანხის ნაწილი, $9 მილიონი, მოხმარდება კომპიუტერიზაციის პროგრამას და კომპიუტერული წიგნიერების ამაღლებას. ეს ხორციელდება იმისთვის, რომ მოხდეს როგორც ინფრასტრუქტურის მიყვანა, ასევე ამ ინფრასტრუქტურის გამოყენების უზრუნველყოფა.

ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო კორპორაციასთან, როგორიც ინტელია, ასევე ვთანამშრომლობთ ადგილობრივ კომპანიებთან, რათა პროექტმა მაქსიმალურად დიდი ეფექტი მიიღოს. გარდა ამისა, კიდევ სხვა პროგრამებიც არის დაგეგმილი, რათა კერძო სექტორიც ჩავრთოთ. ასევე, სახელმწიფო სექტორში არსებული კომპიუტერებიც გვსურს, რომ საკმაოდ ეფექტურად იყოს გამოყენებული. შედარებით კარგ მდგომარეობაში არსებული ნახმარი კომპიუტერები შეგროვდება, გადამოწმდება, თუ მათ კომპონენტები აკლიათ, ამ კომპონენტებს დავამატებთ და მათ შეეძლებათ ამ კომპიუტერებით მინიმუმ ინტერნეტბრაუზინგის განხორციელება. 

რაც შეეხება თანადაფინანსების პრინციპს, ნაჩუქარი ცხადია ვერ იქნება ეს ტექნიკა. გეტყვით, მთავარი პრობლემა რეგიონებში არის ის, რომ მოსახლეობა ვერ იღებს ბანკისგან კრედიტს, ეგრეთ წოდებულ განვადებას, რათა კომპიუტერები შეიძინონ. ამის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია მუდმივი შემოსავლების დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, რადგანაც ისინი სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულნი, არ აქვთ მუდმივი შემოსავალი, რათა მიიღონ სესხი. აი, სწორედ ამ პრობლემის მოგვარება მოხდება ამ პროგრამით. 

მე არ მინდა ახლა კომპიუტერების კონკრეტული რიცხვები დავასახელო, რადგანაც ჯერ კიდევ სამუშაო პროცესში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად ყველა მოსახლეს რეგიონებში ჰქონდეს წვდომა საინფორმაციო ტექნოლოგიებთან", - ამბობს ირაკლი ქაშიბაძე.

კომპიუტერიზაციის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სავარაუდოდ კომპიუტერის ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილს, მაგალითად, კომპიუტერის განვადებით გამოტანის საკომისიოს და სესხის პროცენტის ღირებულებას დაფარავს.

კომენტარები