საპოლიციო გამოსახლება

ბანკების ასოციაცია: საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას დაზარალებულები უკვე ჰყავს

ზურაბ გვასალია
ტაბულა

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ტაბულასთან საპოლიციო გამოსახლების გაუქმების შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ ნორმის გაუქმებას პირველი დაზარალებულები უკვე ჰყავს, ამიტომაც ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. საქმე ეხება პარლამენტის მიერ საპოლიციო გამოსახლების წესების ცვლილებას, რომლის შედეგადაც გამოსახლების წესები გართულდა და მან იპოთეკა, გირავნობა და ქირავნობა გაართულა.

"საპოლიციო გამოსახლებაზე შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, ბიზნესასოციაციასთან ერთად და ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო, ველოდებით როდის დაინიშნება განხილვა. მოლოდინი იმისა, რომ ძველი კანონმდებლობა დაბრუნდება, არ გვაქვს, ეს იურიდიულადაც შეუძლებელია. მთავარი მიზანი არის ის, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ის ჩანაწერები, რაც არის კანონში, შეიცვალოს. მთავარი პრობლემაა, ფიზიკურად არ სრულდება ეს წესები. ბაზაც არ იყო მომზადებული იმისთვის, რომ ცვლილებები შესულიყო. ბიზნესს და არამარტო ბიზნესს, არამედ მთლიანად მოსახლეობას, ვისაც შეეხება აქვს მსგავს პრობლემასთან მათ სუყველას დროში გაწელილი, თითქმის შეუძლებლამდე მისული პროცესები აქვთ, და ბუნებრივი არის, რომ დაზარალებულები უკვე არიან. საკონსტიტუციო სასამართლო, ბუნებრივია, დაზარალებულების გარეშე არ მიიღებდა ამ საქმეს განხილვაში", - ამბობს გვასალია.

გვასალიას თქმით, რა კანონმდებლობაც ადრე არსებობდა, "ძალიან პროგრესული" არ ყოფილა, თუმცა ის მესაკუთრის უფლებათა დაცვის გაცილებით მაღალ სტანდარტს აწესებდა, ახალი ნორმებით კი ზოგიერთ მესაკუთრეს მათ ქონებაზე საკუთრების უფლება შეეზღუდა.

"მოდით ვთქვათ, ის რა კანონმდებლობაც იყო, ძალიან პროგრესული არ ყოფილა, თუმცა ის ნორმები მუშაობდნენ. მუშაოდა ისე, რომ ერთ სარჩელზეც არ გამოუტანიათ სასამართლოებს მესაკუთრის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება", - ამბობს ზურაბ გვასალია.

საკონსტიტუციო სარჩელიდან ირკვევა, რომ მოქალაქემ 2015 წლის 13 მაისს მოქალაქე ნ. გ-სგან შეიძინა სახლი მცხეთაში. ამ უკანასკნელს კი ეს უძრავი ქონება შეძენილი ჰქონდა საჯარო აუქციონზე. აუქციონამდე ქონების მესაკუთრე იყო ვინმე ხ. კ. როგორც სარჩელში მოსარჩელე ჰყვება, მის საკუთრებაში უკანონოდაა შეჭრილი სახლის პირვანდელი მეპატრონე ხ.კ.

საპოლიციო გამოსახლების გამაუქმებელ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი 2015 წლის 29 დეკემბერს მოაწერა. კანონის ავტორის, ქართული ოცნების დეპუტატის პაატა კიკნაველიძის შეფასებით, კანონი ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცულობას ზრდის, რადგანაც მის შედეგად საპოლიციო გამოსახლება სასამართლო გამოსახლების ნორმებით იცვლება.

აქამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, მესაკუთრეს მისი კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელის (რომელსაც მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი არ გააჩნია) გამოსახლების მოთხოვნით შეეძლო პოლიციისთვის მიემართა, ამ ნორმის გაუქმების შედეგად კი, მესაკუთრეს იმავე შედეგის მისაღწევად სასამართლოს გადაწყვეტილება ესაჭიროება.

კომენტარები