სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის მოსამართლეობისთვის ევა გოცირიძეც იბრძოლებს

ევა გოცირიძე
რუსთავი 2

მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამპირიან სიაში, ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურა შეიყვანა.

როგორც ცნობილია, მთავრობამ ევროპის საბჭოს 2016 წლის მაისში ალექსანდრე ბარამიძის, ნანა მჭედლიძისა და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები წარუდგინა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დასახელებულმა კანდიდატებმა ევროპის საბჭოს წინაშე გაიარეს ე.წ. ფილტრაციის პროცედურა ამისათვის სპეციალურად შექმნილ საკონსულტაციო ორგანოში, რომელიც ექსპერტი მრჩევლებისაგან შედგება და რომლის როლია კანდიდატის წარმდგენი ქვეყნისა და ევროპის საბჭოსათვის ამა თუ იმ კანდიდატის შესაბამისობის შესახებ რეკომენდაციების მიცემა.

"ექსპერტების შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ წარდგენილ კანდიდატთაგან ალექსანდრე ბარამიძე სრულად აკმაყოფილებს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად ევროპული კონვენციით დადგენილ კრიტერიუმებს, გიორგი ბადაშვილთან დაკავშირებით ითქვა, რომ ევროპულ სასამართლოში მისი, როგორც იურისტის, 11 წლიანი გამოცდილება მთავარი დადებითი ნაწილია მისი პროფესიული კარიერისა და სასურველია, ფლობდეს სხვა პროფესიულ გამოცდილებასაც, ხოლო ნანა მჭედლიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოითქვა რეკომენდაცია, რომ ის მისი კარიერული წინსვლის ამ ეტაპზე აშკარად ვერ აკმაყოფილებს ამავე კრიტერიუმებს, ძირითადად, დადგენილ სტანდარტებთან მისი ხანმოკლე ან არასაკმარისად მაღალი აკადემიური გამოცდილების შეუსაბამობის გამო, ასევე, მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში სათანადო გამოცდილების უქონლობის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ მრჩეველ ექსპერტთა ნეგატიური რეკომენდაცია გასათვალისწინებლად სავალდებულო არ არის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სამპირიან სიაში ცვლილების შეტანისა და საქართველოდან წარდგენილი ქალი კანდიდატის იმავე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული სხვა ქალი კანდიდატით ჩანაცვლების შესახებ", - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მოსაზრებით, ამგვარი ცვლილება საქართველოს თავიდან ააცილებს იმას, რომ სამპირიანი სიის დასაშვებობა დადგეს რისკის წინაშე, როცა საქმე ეხება გენდერული ნიშნით დაბალანსებული სიის კრიტერიუმის დაცვასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის "რეალური არჩევანის" მიცემის მოთხოვნას.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს - ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.

აღსანიშნავია, რომ ევა გოცირიძე თვლის, რომ მართლმსაჯულების დასაცავად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება. "დიდი საოცრებაა, რომ თამაზ ურთმელიძის განჩინება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აღიქვეს", - თქვა გოცირიძემ რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას.

კომენტარები