კონიაკი

საქართველო რუსეთში კონიაკის მთავარი მიმწოდებელი გახდა, მასზე ბაზრის 48% მოდის

flickr.com

საქართველო რუსეთში კონიაკის მთავარი მიმწოდებელია, 2016 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, რუსეთში საქართველოდან ექსპორტირებულია 1.1 მილიონი ლიტრი ბრენდი, რაც რუსული ბაზრის 48%-ს შეადგენს. ამ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური და ადგილობრივი ალკოჰოლის ბაზრების კვლევის სააგენტო ავრცელებს. 

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ექსპორტირებულია 3.7 მილიონი ბოთლი (0.5 ლიტრი) ბრენდი, რაც გასული წლის ექსპორტის მაჩვენებელს 47%-ით აღემატება, ექსპორტის ორი მესამედი რუსეთზე მოდის. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში $78,8 მილიონს მიაღწია. გასული წლის 6 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი $58,3 მილიონს შეადგენდა. წინა წლებში რუსულ ბაზარზე წამყვანი ადგილი სომხურ კონიაკს ეკავა. 

კონიაკთან ერთად წელს ღვინის ექსპორტის მატებაც ფიქსირდება, საქართველოდან წლის პირველ ნახევარში ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 10 198 085 ბოთლი; უკრაინა - 2 286 977 ბოთლი; ჩინეთი - 1 884 665 ბოთლი; ყაზახეთი - 1 764 286 ბოთლი; პოლონეთი - 1 070 454 ბოთლი.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია "ქინძმარაული“ – 2 626 364 ბოთლი, "მუკუზანი“ – 1 006 732 ბოთლი, "წინანდალი“ – 830 149 ბოთლი, "ახაშენი“ – 426 899 ბოთლი, "ხვანჭკარა“ – 132 033 ბოთლი.

რუსეთის ბაზარზე ასეთი მაღალი საბაზრო წილის არსებობა გარკვეულ რისკებს შეიცავს, რაც შესაძლოა რუსეთის მიერ იმპორტის პოლიტიკური მიზნებით შეზღუდვაში აისახოს.

კომენტარები