ლარის კურსი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ გაზაფხულზე ლარი ზედმეტად გამყარდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ ლარი გაზაფხულის პერიოდში ზედმეტად იყო გამყარებული. მისი თქმით, რეალური ეკონომიკური ფაქტორები ლარის გამყარების საფუძველს ქმნიდა, თუმცა ის სწრაფი გამყარება, რაც მთელი გაზაფხულის მანძილზე შეიმჩნეოდა, იყო ეგრეთ წოდებული ანდერშუთინგი, ანუ მდგომარეობა, როდესაც აჟიოტაჟური თუ სხვა ქცევების გამო კურსი იმაზე დაბლაა, ვიდრე ის რეალურად უნდა იყოს. ეროვნული ბანკი გაზაფხულის მანძილზე ამ მკვეთრი გამყარების პროცესის სავალუტო ინტერვენციებით შერბილებას ცდილობდა, ჯამში სებ-მა $200 მილიონამდე შეისყიდა, თუმცა, ივნისში ეკონომიკური ფაქტორების გაუარესებამ ლარის აჟიოტაჟური კურსის რეალურ კურსთან დაბრუნება გამოიწვია. 1 ივნისს ერთი დოლარი 2.14 ლარი ღირდა, 30 ივნისს კი მისი ღირებულება 2.32 ლარს შეადგენდა, დღეს კურსი 2.34-ის ფარგლებში მერყეობს.

"მოგეხსენებათ, რომ გაზაფხულზე იყო დადებითი ძვრები და დადებითი ტენდენციები. შემცირდა გადმორიცხვების კლება, ამავე დროს იყო უფრო მაღალი ვიზიტორების რაოდენობა დაფიქსირებული, იყო დადებითი მოლოდინები და ამ ყველა კომბინაციამ გამოიწვია გამყარება ლარის გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენ მაშინაც აღვნიშნეთ და ვფიქრობდით, რომ ეს იყო უფრო ჩქარი, ვიდრე ის ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებსაც მისი გამოწვევა შეეძლოთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ადგილი ჰქონდა ეგრეთ წოდებულ ანდერშუთინგს (undershooting), რომელიც ხშირად ხდებოდა და ვფიქრობ, რომ მაშინ ზედმეტად მოხდა ის გამყარება და ამიტომ მოხდა შემდგომ კორექტირება კურსის იმ დონეზე, რაც დღეს გვაქვს", - ამბობს კობა გვენეტაძე. 

გვენეტაძე ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გაზაფხულზე განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა სწორი იყო. 

"ეს ინტერვენციები იყო განსაზღვრული იმისათვის, რომ შეგვევსო ეროვნული ბანკის რეზერვები, ვფიქრობ, რომ საკმაო რაოდენობის სავალუტო რეზერვებით შეივსო ეროვნული ბანკი. ალბათ უკან გადახედვა არ არის ძალიან მართებული მიდგომა ამ შემთხვევაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ბანკმა მაშინ საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ დონით ამოიღო დოლარის ლიკვიდობა", - ამბობს გვენეტაძე.

გვენეტაძე არ სცემს პასუხს კითხვაზე, თუ რა მოლოდინები არსებობს ახლა ლარის კურსთან დაკავშირებით, მისი თქმით, ეროვნული ბანკის ფუნქცია არა ლარის კურსის ზედამხედველობა, არამედ ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა. 

"მოგეხსენებათ, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს ორიენტირი კურსზე, ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციაა ქვეყანაში დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება და, ამავდროულად, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა. ამიტომ ეროვნულ ბანკს არ აქვს განსაზღვრული პროგნოზი და თარგეთი გაცვლით კურსთან დაკავშირებით", - ამბობს კობა გვენეტაძე. 

როდესაც ლარს სწრაფი გაუფასურების ტენდენცია აქვს (დღეში რამდენიმე თეთრი), ეროვნული ბანკი ამ დროს სავალუტო ინტერვენციებს მიმართავს, უფრო კონკრეტულად, ის სავალუტო რეზერვებს ყიდის, მკვეთრი გამყარების პირობებში კი, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდულობს.

კომენტარები