ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

პაპუაშვილი: შოთაძემ აიღო პასუხისმგებლობა გამოძიების ობიექტურობაზე

ტაბულა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის გიორგი პაპუაშვილის თქმით, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იღებს პასუხისმგებლობას, რომ მოსამართლეზე ზეწოლის ფაქტზე გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

"ღიად ვილაპარაკეთ, რატომ გვქონდა ეჭვები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ შოთაძისგან იყო საკმაოდ კონსტრუქციული მიდგომა. იგი პირადად იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. იმაზეც ვისაუბრეთ, რომ თუ რომელიმე მოსამართლემ“ რაიმე ინფორმაცია“ მიაწოდა გამოძიებას, საშიშროება არ იქნება მისი ოჯახის წევრებზე ან ახლობლებზე ვინმემ შური იძიოს. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ პირადად გვექნება კონტაქტი.  ასევე, გვქონდა პრეტენზიები იმაზე, რომ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ზეწოლის ფაქტებზე არავითარი რეაგირება არ ყოფილა. შოთაძე უშუალოდ არ იყო მაშინ მთავარი პროკურორი, ამიტომ უნდა გაერკვეს. ის მზად არის თანამშრომლობისთვის.  მინდა, რომ სწორად წარიმართოს პროცესები, არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. ეს არის არამარტო ჩვენს ინტერესებში, არამედ, მთავარი პროკურორის თქმით, პროკურატურის ინტერესებშიც. გარკვეული ინფორმაცია მას მივაწოდე არა გამოკითხვის რეჟიმში, არამედ ინფორმაციის სახით, რომელიც სხვა მოსამართლეებსა და ფაქტებთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული. მათ შორის, კერძო ბიზნესზე, რომელიც ერთ-ერთი მოსამართლის ოჯახის წევრთან არის დაკავშირებული. შევხედავთ, როგორ წარიმართება გამოძიება. არის გარკვეული წინაპირობები - პრემიერთან, პრეზიდენტთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ. მთავარია, ის, ვისზეც შესაძლოა, ზეწოლა ხორციელდებოდეს, იყოს დაცული, რათა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამისთვის ასევე აუცილებელია საზოგადოების მხარდაჭერა, რომ მათ მეტი სტიმული ჰქონდეთ“,- ამბობს პაპუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ განცხადება საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით გააკეთა.

კომენტარები