NDI-ის კვლევა

NDI: თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას: ქართული ოცნება - 19%, ენმ - 15%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, ყველაზე მეტი - 27% პასუხობს, რომ არცერთი. ქართულ ოცნებას 19% ასახელებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 15%, არ იცის 10%-მა, თანაბრად არიან პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისათვის და ირმა ინაშვილის პატრიოტთა ალიანსი(5-5%), შემდეგ მოდიან თავისუფალი დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია(4-4%).

"სხვა პარტიებს" ასახელებს 6% - აქაა პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც მოსახლეობის 3%-ზე ნაკლებმა დაასახელა. ესენია: გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, გირჩი, რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი საქართველო, ეროვნული ფორუმი, ქართული დასი, ქართული პარტია, კონსერვატიული პარტია, ახალი მემარჯვენეები, მრეწველები და მემარცხენე ალიანსი.

2016 წლის მარტის კვლევაში შეხედულებებთან ახლოს მდგომად "არცერთ" პარტიას ასახელებდა 29%, ქართულ ოცნებას - 16%, ხოლო ენმ-ს 15%. 2013 წლის ნოემბრის კვლევაში მმართველ პარტია ქართულ ოცნებას 60% ჰქონდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი - 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები