NDI-ის კვლევა

NDI: არჩევნებში მონაწილეები: 19% - ოცნება, ენმ - 14%, უარი პასუხზე - 13%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, კონკრეტულად მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს(67%), 19% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 14%, არ იცის - 35%, პასუხზე უარი 13%-მა თქვა, 4-4% აქვთ პატრიოტთა ალიანსსა და პაატა ბურჭულაძის პარტიას, "სხვა პარტიას" - 8% ასახელებს.

რაც შეეხება ყველა გამოკითხულს, ყველაზე მეტი - 38% პასუხობს, რომ "არ იცის", ქართულ ოცნებას ხმას აძლევს 17%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 13%, უარი პასუხზე 14%, არცერთ პარტიას - 5%, შემდეგ მოდის პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისათვის(4%) და პატრიოტთა ალიანსი(3%). 7% ასახელებს "სხვა პარტიას" - აქ არიან პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც 3%-ზე ნაკლებმა დაასახელა. ესენია: თავისუფალი დემოკრატები, ლეიბორისტული პარტია, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, გირჩი, რესპუბლიკური პარტია და სხვები.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი - 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები