შრომის ინსპექცია

მთავრობა შრომითი ხელშეკრულებების შინაარსის კონტროლის დაწყებას გეგმავს

flickr.com

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულებების მონიტორინგის დაწყებას გეგმავს. სამინისტრო ასევე გეგმავს გაითვალისწინოს პროფკავშირების რეკომენდაციები და დასაქმებულთა სამუშაო პირობების ფართომასშტაბიანი შემოწმებები დაიწყოს. 

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მათ შრომითი პირობებისა და ხელშეკრულებების შესწავლა გასული წლიდან, სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი შრომითი ინსპექციის მეშვეობით დაიწყეს, ახლა კი ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით შრომითი ინსპექციის მოქმედების არეალი გაიზრდება და ის უფრო მეტი კომპანიის შემოწმებას შეძლებს. ბიზნესკურიერთან საუბარში პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ ის თუ რა სანქციები დაეკისრებათ კომპანიებს, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ შრომის სტანდარტებს ჯერჯერობით უცნობია.

მთავრობამ პროექტის წინა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. შრომის ინსპექციამ აჭარაში 200-მდე კერძო კომპანიის კონტრაქტებისა და სამუშაო პირობების წინასწარი კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგები ჯერჯერობით უცნობია, შესაბამისად უცნობია სახელმწიფოს შეფასებით, ამ 200 კომპანიიდან რამდენმა დაარღვია შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნები.

თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულებების მონიტორინგის დაწყება მთავრობის მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯს წარმოადგენს, რადგანაც შრომის კანონმდებლობით ყველა დასაქმებულის უფლებები ისედაც დაცულია და იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი კონტრაქტის პირობებებს არღვევს დასაქმებულებს სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლიათ. ზვიად ხორგუაშვილი მსგავსი მასშტაბის მაკონტროლებელი ორგანოს შექმნაში ასევე კორუფციულ რისკებსაც ხედავს.

მთავრობამ შრომის ინსპექცია გასულ წელს შექმნა, 2016 წლის ბიუჯეტით სააგენტოს ხარჯები 4 მილიონ ლარს შეადგენს. 

კომენტარები