სტრასბურგის სასამართლო

დოლიძე გოცირიძეზე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები ჩემს წინააღმდეგაა მიმართული

facebook.com/PresidentMargvelashvili

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ევა გოცირიძის სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენას უსამართლო და დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას უწოდებს. მისი თქმით, საქართველომ ამ გადაწყვეტილების მიღებით დაარღვია სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნა, რომ სასამართლოს წევრ ქვეყნებში მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო.

"მოდით ჯერ აღვნიშნოთ რა ტიპის პროცესთან გვაქვს საქმე. ევროპის საბჭოს, რომელიც არის ორგანო დაკავშირებული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან, აქვს ძალიან მაღალი მოთხოვნები იმ პროცესთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც თითოეულმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა აირჩიოს მოსამართლე. ეს მოთხოვნები უკავშირდება იმას, გამოირიცხოს, რომ ის მოსამართლე, რომელიც წარდგენილი იქნება ქვეყნის სახელით, მოემსახურება კონკრეტული ქვეყნის ინტერესებს. ანუ გამოირიცხოს შერჩევის პროცესის პოლიტიზირებულობა და ეს ყველაფერი გამაგრებულია უამარავი რეკომენდაციებით, რომელიც ევროსაბჭოდან მოდის. მათი მოთხოვნაა , რომ შერჩევის პროცესი უნდა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და თანმიმდევრული. მე ვფიქრობ, რომ, სამწუხაროდ, ბოლო გადაწყვეტილება წარიმართა სრულიად ნაჩქარევად. მინდა გითხრათ, რომ იმდენად ნაჩქარევად, რომ ეს საკითხი მთავრობის სხდომის დღის წესრიგშიც არ იყო წინასწარ. ეს ეწინააღმდეგება სამივე პრინციპს- სამართლიანობას, გამჭვირვალობას და თანმიმდევრულობას. მე მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ პროცესი მიმართულია, კონკრეტულად არასამართლიანად და დისკრიმინაციულად კონკრეტულად ჩემი პიროვნების მიმართ",- იმედის ეთერში ამბობს დოლიძე.

როგორც ცნობილია, თებერვალში სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატი შეარჩია: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე. სამპირიანი სია სწორედ ამ კანდიდატთაგან შეირჩა.

ევა გოცირიძის სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენის გადაწყვეტილება 28 ივლისს ჩატარებულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს. საქართველოდან წარსადგენ სამკაციან სიაში გოცირიძემ ნანა მჭედლიძის ადგილი დაიკავა. იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლშიც ნათქვამია - "მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამპირიან სიაში ცვლილების შეტანისა და საქართველოდან წარდგენილი ქალი კანდიდატის იმავე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული სხვა ქალი კანდიდატით ჩანაცვლების შესახებ"

უწყების მოსაზრებით, ამგვარი ცვლილება საქართველოს თავიდან ააცილებს იმას, რომ სამპირიანი სიის დასაშვებობა დადგეს რისკის წინაშე, როცა საქმე ეხება გენდერული ნიშნით დაბალანსებული სიის კრიტერიუმის დაცვასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის "რეალური არჩევანის" მიცემის მოთხოვნას.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს - ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.

აღსანიშნავია, რომ ევა გოცირიძე თვლის, რომ მართლმსაჯულების დასაცავად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება. "დიდი საოცრებაა, რომ თამაზ ურთმელიძის განჩინება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აღიქვეს", - თქვა გოცირიძემ რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას.

კომენტარები