საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ის ვერ დაეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც პაპუაშვილი პროკურატურის საქმიანობისადმი უნდობლობას გამოთქვამდა. ამის შესახებ შოთაძემ იმედთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მე ვფიქრობ, რომ ცუდი მესიჯები იყო და მსგავსი მესიჯები არ უნდა განხორციელებულიყო პროკურატურის ორგანოების მიმართ. ჩვენ ყოველთვის ვახდენდით შესაბამის რეაგირებას დანაშაულის სახით შემოსულ განცხადებაზე. თუმცა ამ ფაქტზე არ იყო ჩვენთან განცხადება, ამიტომაც წინასწარ უნდობლობის გამოცხადება პროკურატურის მიმართ ვფიქრობ არ არის სწორი. შესაბამისად მე ვერ დავეთანხმები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის იმ განცხადებებს, რომლებსაც იგი აკეთებდა ჩვენ შეხვედრამდე",- ამბობს შოთაძე.
25 ივლისს გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის არსებობის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე პროკურატურის რეაგირება ნულის ტოლფასი იყო.
შოთაძესა და პაპუაშვილს შორის ზეწოლის საქმის გამოძიების ფარგლებში პირველიშეხვედრა 28 ივლისს თბილისში, მთავარი პროკურატურის შენობაში შედგა. გიორგი პაპუაშვილმა ირაკლი შოთაძეს მას შემდეგ შეხვდა, რაც მან ინფორმაცია მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიაწოდა. პაპუაშვილსა და შოთაძეს შორის მომდევნო შეხვედრა მომავალ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შედგება.