საარჩევნო კამპანია

ბურჭულაძე: მე და ჩემს მოძრაობას თავის მართლების რეჟიმში ვერ გადაგვიყვანთ

pia.ge

"სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ხელისუფლება მის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს. ბურჭულაძის შეფასებით, "ეს ბინძური კამპანია მიმართულია ქართველ ერში სიკეთისთვის გაერთიანებული ერთობის დისკრედიტაციის, ჩვენი ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის და რეალური კონკურენტის გზიდან ჩამოსაცილებლად". პაატა ბურჭულაძის განცხადება საგანგებო ბრიფინგზე "სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენელმა დავით ჯანდიერმა წაიკითხა.

"იმ სამარცხვინო კამპანიის მცდელობები, რომელთაც ვერ მოყვა მათთვის საჭირო რეზონანსი, ამჟამად შეცვალეს ჩემი ცხოვრების მრავალწლიანი საამაყო საქმის, ფონდ "იავნანას" მისამართით განხორციელებული უპრეცედენტო ცილისმწამებლური თავდასხმებით. ანალოგიური შეტევები ფონდ "იავნანაზე", 2009 წელს წინა ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა, დღეს უკვე მოქმედი ხელისუფლება კიდევ უფრო მიუღებელი ფორმებით მოქმედებს. ამის მიზეზი იყო და არის ის, რომ არასდროს არავის პოლიტიკური ნების შემსრულებელი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ ეს ბინძური კამპანია მიმართულია ქართველ ერში, სიკეთისთვის გაერთიანებული ერთობის დისკრედიტაციის, ჩვენი ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის და რეალური კონკურენტის გზიდან ჩამოსაცილებლად, რათა ამ გზით გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილი დღეები.

სამარცხვინოა, დაუკვეთო ასეთი სამარცხვინო პასკვილი, რომელიც პაატა ბურჭულაძეს ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის შეგროვილი ფულის ჯიბეში ჩადებას დააბრალებს. ეს არის მცდელობა, ქართველ ერში ჩაკლან საუკუნეებით სისხლში გამჯდარი სიკეთის კეთების იდეალები. 

გარწმუნებთ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაუსრულებელი თავდასხმებით, მე და ჩემს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას თავის მართლების რეჟიმში ვერ გადაგვიყვანთ. იმ შესაძლებლობების სარკმელს, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ძალას შეუძლია, გაუღოს საქართველოს, ვერავინ ჩარაზავს. ვპირდები ჩემს ხალხს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, შევქმნით ისეთ ატმოსფეროს, სადაც ადგილი აღარ ექნება სიძულვილს და ცილისწამებას, მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მხოლოდ ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის", - ნათქვამია ბურჭულაძის განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე ქართულ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორებიც ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო საქმიანობას ეჭვქვეშ აყენებენ. მათი მტკიცებით, ბოლო წლების მანძილზე "იავნანამ" შემოწირულობების სახით ცხრა მილიონი მიიღო და ქველმოქმედებაში მხოლოდ სამი მილიონი დახარჯა.

კომენტარები