თავდაცვა

წითელაშვილი: საიდუმლო სამხედრო ბაზაზე არ ვყოფილვარ, ჩვეულებრივი ბაზა იყო

რუსთავი 2

პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საიდუმლო სამხედრო ბაზაზე ყოფნას უარყოფს. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის დახმარებით "ჩვეულებრივ ბაზაზე" იმყოფებოდა. წითელაშვილი აღნიშნავს, რომ მას ობიექტზე შესვლაში სოსო ხორბალაძე დაეხმარა. მისივე მტკიცებით, ბაზაზე ფოტო-ვიდეო არ გადაუღია.

"ეს არის ჩვეულებრივი ობიექტი. არ არის სამხედრო გასაიდუმლოებული ბაზა. ეს არის ობიექტი, სადაც მუშაობდნენ სხვადასხვა ტენდერში გამარჯვებული კომპანიები. მინდია ჯანელიძესთან გენინსპექციის მეშვეობით მქონდა კომუნიკაცია. ვაწვდიდი ინფორმაციას, ვაძლევდი დოკუმენტებს და გენინსპექციის ხელმძღვანელობა ამის შესახებ ახსენებდა თავდაცვის მინისტრს. იმ ობიექტზე, სადაც ვიყავი, ნებართვა არ მჭირდებოდა. გვქონდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ შეგვემოწმებინა გადამალული ტექნიკა, რომელიც მოპარული ჰქონდა გენერალ კალანდაძეს", - ამბობს წითელაშვილი.

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიგი კალანდაძის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ რამდენიმე მსხვილი საიდუმლო სამხედრო ობიექტი ააგო, რაზეც მილიონობით ლარი დაიხარჯა. კალანდაძემ რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ გასაიდუმლოებული ობიექტების კოორდინატები რუსულ სპეცსამსახურებს პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა გადასცა. გიგი კალანდაძის თქმით, რუსული სპეცსამსახურების ხელშია მიწისქვეშ არსებული საქართველოს ცენტრალური გასაიდუმლოებული მართვის შტაბის კოორდინატები და მისი ვიდეოკადრები. ასევე, რუსული სპეცსამსახურები ფლობენ საიდუმლო საცეცხლე წერტილების კოორდინატებს. კალანდაძის მტკიცებით, წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ სამსახურებრივი საშვით შეიყვანა.

გიგი კალანდაძის ინფორმაციაზე კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები