სამთავრობო ცვლილებები

ნადირაშვილი: მინისტრების შეცვლით ვითარება ვერ იცვლება

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის მოსაზრებით, თავდაცვისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრების შეცვლა არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის, რადგან ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობაა.

"წითელაშვილის ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად რთული ვითარებაა თავდაცვის სამინისტროში და, ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით. იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა, რომელიც სუს-იდანაა, კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის არასერიოზულ და უპატივცემულო დამოკიდებულებაზე ქვეყნის თავდაცვის უწყების მიმართ.

ზოგადად, ივანიშვილის მარიონეტების გადაადგილება არ ცვლის ვითარებას და ვითარების შეცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 8 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დასრულდება", - თქვა ირმა ნადირაშვილმა.

სერგი კაპანაძის თქმით კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შეცვლა ვერ იქნება ამ უწყების პოლიტიკის შეცვლის საფუძველი.

"რეალურად პოლიტიკა იგივე რჩება, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო. მინისტრის მოადგილის მინისტრად გადაყვანა ფუნდამენტურად არაფერს შეცვლის", - თქვა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან ციხელაშვილი და ლევან იზორია, შესაბამისად, შერიგებისა და თავდაცვის მინისტრებად დანიშნეს.

კომენტარები