სატელევიზიო რეიტინგები

რატომ სთავაზობს ტრიმედია კომუნიკაციების კომისიას სატენდეროზე 28-ჯერ ნაკლებ ფასს

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 18 ივლისს სატელევიზიო აუდიტორიის კვლევაზე ორი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მასში, მაღალი ალბათობით, კომპანია ტრიმედია ინთელიჯენსი გაიმარჯვებს. ამის მიზეზი ტრიმედიას მიერ ტენდერზე შეთავაზებული ფასია, რაც თავად კომისიის მიერ განსაზღვრულ სავარაუდო ფასთან შედარებით 28-ჯერ ნაკლებია და მხოლოდ 1000 ლარია. ასეთი დაბალი ფასი ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიის TVMR-საქართველოს დირექტორ ნინო გოგოლაძისთვის კითხვის ნიშნებს ბადებს. გოგოლაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ თვეში 142 ლარად ტელეკომპანიების რეიტინგების წარმოება საეჭვო ბიზნესგათვლაა, რადგანაც ამ სერვისის წარმოებას გაცილებით მეტი თანხა სჭირდება. თავად TVMR მომსახურების საფასურად კომისიას 12 000 ლარს სთავაზობს.

"მათ დააფიქსირეს მომსახურების საფასურად 1000 ლარი 6 თვის მანძილზე, ვინაიდან მოთხოვნილი იყო მომსახურების მიწოდება 6 თვის მანძილზე. 1000 ლარად, დღგ-ის ჩათვლით მსგავსი მომსახურების მიწოდება ბევრ კითხვას ბადებს ჩვენთვის. ეს ვერ იქნება ვერანაირი ბიზნესგათვლა რეალურად ამ ტიპის სერვისის მიწოდებისთვის. ჩვენთვის გაუგებარია, რა მიზნებს შეიძლება, ემსახურებოდეს კომპანია - ეს შეიძლება, არის საქველმოქმედო, პოლიტიკური მიზანი და ა.შ. სთავაზობს თვეში 142 ლარად დღგ-ის გარეშე მსგავსი სერვისის მიწოდებას", - ამბობს გოგოლაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მედიის განვითარების ფონდში ამბობენ, რომ ტრიმედია ინთელიჯენსმა ანალოგიური მომსახურება, რასაც ახლა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 1000 ლარად სთავაზობს საზოგადოებრივ მაუწყებელს 57 ათას ლარად მიაწოდა, აჭარის ტელევიზიას კი 12 ათას ლარად. ამიტომაც, MDF-ში ფიქრობენ, რომ ტრიმედიას ბიზნესინტერესების გარდა ბაზარზე, სხვა სახის ინტერესებიც აქვს.

"საზოგადოებრივ მაუწყებელს ამავე კომპანიამ მსგავსი მომსახურება შესთავაზა 57-ჯერ უფრო ძვირად, ვიდრე ახლა სთავაზობს საქართველოს კომუნიკაციების კომისიას და 12-ჯერ ძვირად, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს. აღნიშნული რამ შეიძლება, მიუთითებდეს იმაზე, რომ მხოლოდ კომერციული მიზნები არ ამოძრავებს ამ კომპანიას და საინტერესო გახდა ამ კუთხით რატომ გახდა ასე იაფად მომსახურების შეთავაზება კომუნიკაციის კომისიისთვის",- ამბობს მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი გელა ბუჩიკაშვილი.

ტაბულა თავად ტრიმედია ინთელიჯენსსაც დაუკავშირდა. კომპანიის დირექტორმა ცოტნე მირცხულავამ სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. კომპანიის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში კი ნათქვამია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია მათთვის უბრალო მომხმარებელი არ არის, ამიტომაც, კომპანიამ მას განსაკუთრებული პირობები შესთავაზა.
"ბუნებრივია, რომ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანიისთვის უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი კლიენტი. ჩვენი მიზანია, კომისიასთან მრავალწლიანი ურთიერთობის აგება. ვგეგმავთ, რომ მათ მივაწოდოთ ბევრი სხვა დამატებითი პროდუქტი და სერვისი. შესაბამისად, ჩვენი კომერციული ინტერესი კომისიასთან 6 თვით არ შემოიფარგლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტენდერი გამოცხადებული იყო 6 თვეზე და არა ერთ ან მეტ წელიწადზე, რამაც ტენდერში მონაწილე კომპანიებს ფინანსური კუთხით მეტი მოქნილობა შესძინა. და ბოლოს, რაც შეეხება რეგიონულ არხებს, ჩვენ ვაპირებთ კომისიას მივაწოდოთ არა მხოლოდ რეგიონული არხების ნაციონალური რეიტინგები (თბილისი+რეგიონები), არამედ რეგიონული არხების დეტალური მონიტორინგი. ჩვენი ინფორმაციით, ასეთი პროდუქტი საქართველოში ჯერ არავის ჰქონია", - განუცხადეს ტაბულას კომპანიაში.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიები ტენდერით თავდაპირველად გათვალისწინებულზე გაცილებით ნაკლებ ფასად სთავაზობენ სერვისს, კომისია ამ პირობებს დამატებით შეისწავლის. კომისიის სატენდერო სხდომა რამდენიმე დღეში უნდა ჩატარდეს.

"სატენდერო კომისიის სხდომა უახლოესი 2 დღის განმავლობაში გაიმართება. ვიდრე პროცესი სრულად დასრულდება, კომისია აუცილებლად მოითხოვს ფასის ადეკვატურობის დოკუმენტს, რაც სატენდერო პირობის თანახმად, არის ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულების წარმოდგენა, ეს იქნება დისკვალიფიკაციის საფუძველი", - ამბობს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი.

თავად ტრიმედია ინთელინჯენსი ერთ-ერთ საინფორმაციო ჰოლდინგ "პალიტრა მედიასთან" არის დაკავშირებული. კომპანიის 50-50% წილის მესაკუთრეები მერაბ ფაჩულია და გიორგი თევდორაშვილი არიან. მერაბ ფაჩულია საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის GORBI-ის 70 %-იანი წილის მფლობელიც არის. გიორგი თევდორაშვილი კი, პალიტრა ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში წილებს ფლობს. პალიტრა მედიას ეკუთვნის ტელეკომპანია "პალიტრა TV", ესეიგი თევდორაშვილი საკუთარი კომპანიის რეიტინგსაც ზომავს.

კომენტარები