თავდაცვა

პროკურატურა: წითელაშვილის ობიექტებზე ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ გვქონია

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

მთავარი პროკურატურის განცხადებით, სიცრუეა, რომ თავდაცვის სამინისტრომ უწყებას ტრისტან წითელაშვილის სამხედრო ობიექტებზე ყოფნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„თინა ხიდაშელის გუშინდელი განცხადება, თითქოს თავდაცვის სამინისტროდან პროკურატურაში გადმოგზავნილია მასალები, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ჩვენ თავდაცვის სამინისტროდან არ მიგვიღია. რაც შეეხება ფაქტს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის გარემოებებში გარკვევა. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა", - აცხადებენ პროკურატურაში.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და მათზე კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო.

გენერალ გიგი კალანდაძის ინფორმაციით, საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ტრისტან წითელაშვილმა რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა. კალანდაძის მტკიცებით, წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა.

კომენტარები