ტურიზმი

რა რაოდენობის ვიზიტები დაკარგა ქართული ტურიზმის სექტორმა თურქეთის კრიზისის გამო

Reuters

15 ივლისს მომხდარმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარების დაძაბვა გამოიწვია. პოლიტიკური დაძაბულობისა და საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვების გამო საერთაშორისო ვიზიტორთა გარკვეულმა ნაწილმა რეგიონში - მათ შორის საქართველოში მგზავრობისგან თავი შეიკავა. დღეს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ივლისის თვის ტურისტული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც ივლისში ვიზიტორთა ნაკადი მაინც გაიზარდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ რეგიონში არსებული მდგომარეობის გამო საქართველომ ივლისში დაახლოებით 30 ათასი საერთაშორისო ვიზიტი დაკარგა.

ივლისში საქართველოს საზღვარი 764 ათასმა საერთაშორისო ვიზიტორმა გადმოკვეთა, რაც წინა წლის მონაცემებს 3.5%-ით აღემატება.

რაც შეეხება 2016 წლის შვიდი თვის (იანვარ-ივლისის) მონაცემებს, საქართველოს საზღვარი სულ 3.4-მა მილიონმა უცხოეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. აქედან 24 საათზე მეტხანს 1.4-მა მილიონმა ადამიანმა დაჰყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17.5%-ით აღემატება. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ტურისტად სწორედ ის პირები შეიძლება ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში ერთ დღეზე მეტხანს იმყოფებოდა და საქართველოს მომსახურების სექტორით ისარგებლა. 

2016 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+15.1%), თურქეთიდან (+1.6%), სომხეთიდან (-0.8%), რუსეთიდან (+10.3%) და უკრაინიდან (+24.3%) დაფიქსირდა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დათვალა, თუ რა მოცულობის შემოსავლები მიიღო საქართველომ ტურიზმიდან. პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა $354 მილიონი დოლარია, რაც წინა წლის მაჩვენებლებს $48 მილიონით (+15.7%) აღემატება.

იზრდება ტურიზმის წილი მთლიან ეკონომიკაშიც და ის წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 6.8%-ს შეადგენს.

კომენტარები