საკონსტიტუციო სასამართლო

ფაფიაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს ბლოკირებას არ ვაპირებთ

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის განცხადებით, "ინფორმაცია, თითქოს რომელიმე მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს ბლოკირებას აპირებს, საფუძველს მოკლებულია". მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ მოსამართლეები დღევანდელ სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ.

"პირადად მე, არასდროს მითქვამს, რომ სხდომას არ დავესწრებით. ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ვინმე არ აპირებს სხდომაზე დასწრებას, არ მაქვს. არცერთ ჩვენგანს მსგავსი რამ ცალსახად არ უთქვამს, ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ გვჭირდება გონივრული ვადა საქმეთა გონივრული შესწავლისთვის. ასევე არ გვითქვამს, რომ დღევანდელი განხილვები უნდა გადაიდოს", - განაცხადა ფაფიაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობა 22 ივლისის სხდომაზე სწორედ მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა დააყენა. მას ოთარ სიჭინავა, ზაზა თავაძე და მერაბ ტურავა დაეთანხმნენ. ისინი თვლიან, რომ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" მქონე საქმის განხილვა მანამ უნდა შეწყდეს, სანამ შესაძლო ზეწოლაზე პროკურატურის დასკვნა არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, "მუდმივად იქნება ეჭვები არაობიექტურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით". 

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის და გიგი უგულავას საქმის განხილვა დღეს უნდა გაიმართოს. სხდომას მინიმუმ 6 მოსამართლე უნდა დაესწროს. თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში მხოლოდ ორი მოსამართლე - კონსტანტინე ვარძელაშვილი და ქეთევან ირემაძე იმყოფებიან. სამი მოსამართლე კი, ლალი ფაფიაშვილი, ოთარ სიჭინავა და ზაზა თავაძე, დღეს თბილისში დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

"ჩვენი მხრიდან საბოტაჟი ვერ იქნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შაბათს, ჯერ კიდევ სასამართლოს თავმჯდომარისთვის ცნობილი იყო, რომ ჩვენ ვერ ჩამოვიდოდით. გუშინ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, რომ სასამართლოს თავისი ინიციატივით გადაეტანა ეს სხდომა. ძალიან ვწუხვარ, რომ სასამართლოს ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება. პროტესტი არაფერ შუაშია. ჩვენ ვთქვით, რომ სხვა გარემოებები გვქონდა დაგეგმილი და გვინდოდა, სხდომა დანიშნულიყო არა ჩვენთვის, არამედ პლენუმისთვის მისაღებ ნებისმიერ დღეს, უბრალოდ, დღევანდელ დღეს ჩვენ ვერ ვახერხებდით სასამართლო პროცესზე ჩასვლას", - თქვა ფაფიაშვილმა. 

განხილვაში მონაწილეობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლემ უარი გუშინ თქვა. მათი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიებაა. გარდა ამისა, მოსამართლეთა ნაწილის შეფასებით, ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდებულების საკონსტიტუციო სარჩელის რეგისტრაცია კანონდარღვევით განხორციელდა. მერაბ ტურავას მიაჩნია, რომ რეგისტრაციიდან წარმოებაში მიღებამდე სარჩელი გამოცვალეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს უარყოფენ. უწყების განმარტებით, გამოკითხეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა. საქართველოს პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია 1 აგვისტოს გაავრცელა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა. პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მოსამართლეებს ფარულად უთვალთვალებენ და ემუქრებიან.

კომენტარები