ნავთობის ფასი

ნავთობის ფასი გასული სამი თვის მინიმუმამდე შემცირდა

ბუნებრივი აირის ჭაბურღილი ირანში
iranvajahan.net

ნავთობის ფასი მცირდება, ორ აგვისტოს საერთაშორისო ბირჟებზე ბარელი ნავთობის ფასები აპრილის შემდეგ პირველად ჩამოსცდა $40-იან ნიშნულს. ივლისის მანძილზე ფასები 14%-ით შემცირდა.

ფასების შემცირება ნავთობის მოპოვების ზრდას უკავშირდება. მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა OPEC და რუსეთი, აქტიურად აგრძელებენ რესურსების მოპოვებას. ასევე არსებობს მოლოდინი, რომ აშშ ფიქლის ნავთობისა და გაზის მოპოვებას კვლავ გაზრდის. ფასების მკვეთრი ვარდნის გამო აშშ-ში ფიქლის ნავთობის წარმოება შემცირდა, თუმცა ახლა ფიქლის ნავთობის მომპოვებლები მზად არიან, მოპოვება დაბალი ფასების პირობებშიც გაზარდონ. აშშ-ში მოპოვების პიკი 2015 წლის აპრილში იყო, მაშინ აშშ-ში ყოველდღიურად 9.7 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვებოდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 8.2 მილიონ ბარელს შეადგენს. სავარაუდოდ, მოპოვება ძველ ნიშნულს რამდენიმე თვეში დაუბრუნდება, ეს კი ფასების კიდევ უფრო მეტ შემცირებას გამოიწვევს. მოპოვების ზრდისთვის ლიბიაც ემზადება.

კომენტარები