გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

სუს: აფხაზური მხარე უარს ამბობს ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემაზე

გუშინ, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა. სუს-ის ცნობით, შეხვედრაზე გაგრძელდა ე.წ. მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის განხილვა. ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა ის წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

"ამ ეტაპზე აფხაზური მხარე უარს აცხადებს და მისი მხრიდან ადგილი აქვს საკითხის პოლიტიზების მცდელობას. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ითხოვენ გარკვეული სახის იურიდიულ თანამშრომლობას, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია", - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 

სუს-ის ცნობითვე, შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების პრობლემები, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა.

კომენტარები