სააფთიაქო ნარკომანია

სერგეენკო: ფარმაცევტს პირველივე დარღვევაზე აეკრძალება საქმიანობა 3 წლით

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის შესახებ ახალი რეგულაცია დამტკიცდა. ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტს, რომელიც უკანონოდ გასცემს ფსიქოტროპულ წამალს, აეკრძალება პროფესიული საქმიანობა 3 წლით. სერგეენკოს თქმით, რეგულაცია ძალაში 24 საათში შევა.

"ახალ ფსიქოტროპულ აფთიაქზე ვერ აიღებს საქმიანობის ნებართვას ისეთი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს - კერძოდ, თუ არის ნასამართლევი ან აქვს ბიუჯეტის წინაშე დავალიანება. წამლის შესახებ კანონში ბევრი წელია, წერია, რომ ფსიქოტროპული ტიპის მედიკამენტები უნდა გასცეს მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულმა ფარმაცევტმა. ეს პირობა დაცული არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო ფარმაცევტი, გაწერილი არ იყო - რა უნდა გაეკეთებინა მას. ეს გაიწერა და ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა ფარმაცევტების რეესტრი. ფარმაცევტს პირველივე დარღვევაზე აეკრძალება პროფესიული საქმიანობა 3 წლით", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ აფთიაქების მონიტორინგი 5 აგვისტოდან დაიწყება.

კომენტარები