ქორწინების თანასწორობა

პრეზიდენტი რიოშია, მის ადმინისტრაციაში რეფერენდუმის საკითხზე პასუხები არ აქვთ

პრეზიდენტი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიადის გახსნაზე წავიდა და უცნობია, რა პოზიცია აქვს მას ქორწინების განსაზღვრების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთადერთი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, იმის დადასტურებით ამოიწურა, რომ ცესკო-დან შესაბამისი დოკუმენტაცია მართლაც მიიღეს.

"ჩვენ გვაქვს ერთადერთი კომენტარი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს ცესკო-დან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას. ამ ეტაპზე სხვა კომენტარი არ კეთდება, იმიტომ, რომ პრეზიდენტი არ არის საქართველოში, რიოში გაემგზავრა ოლიმპიადაზე დასასწრებად", - განუცხადეს ტაბულას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ. 

საქართველოს პრეზიდენტმა 30 დღეში უნდა გადაწყვიტოს, დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს ქორწინებასთან დაკავშირებით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტ მარგველაშვილს ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა 1 აგვისტოს გადაუგზავნა, რომელსაც თან ერთვის ცესკო-ს დასკვნაც.

სარეფერენდუმო კითხვა, შემდეგი ფორმულირებით: "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის" - ცესკო-ში სანდრო ბრეგაძემ (დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე), სოსო მანჯავიძემ და ზვიად ტომარაძემ მიმდინარე წლის 13 მაისს შეიტანეს.

 

კომენტარები