ექსპორტის წახალისების სააგენტო

ქუმსიშვილი: ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს ბიუჯეტი $10 მილიონი იქნება

0 კომენტარი
პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ფოტო: ტაბულა

საქართველოს მთავრობა ახალ უწყებას ქმნის, რომელიც ექსპორტიორ კომპანიებს სუბსიდიებს მიაწვდის. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს პრეზენტაცია სექტემბერში უნდა შედგეს, მისი ბიუჯეტი კი $10 მილიონი იქნება. მთავრობაში ფიქრობენ, რომ ექსპორტიორ კომპანიებს პროდუქციის გატანის დროს მთელი რიგი პრობლემები ექმნებათ, ამიტომაც მათმოგვარებაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროთ.ახალი სააგენტო საპარტნიორო ფონდთან იქნება ინტერგრირებული. კრიტერიუმები, რომლითაც კომპანიები სუბსიდიებს და საკონსულტაციო დახმარებებს მიიღებენ, ჯერჯერობით უცნობია.

"ვამზადებთ ერთ დიდ ღონისძიებას, რომელზეც მთლიანად წარმოვადგენთ ექსპორტის ხელშეწყობის იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც დღეს გაგვაჩნია და რომლებიც გვინდა, რომ განვავითაროთ. ამ წუთში პრაქტიკულად დამთავრებულია, ასე ვთქვათ, წესდება, რომლითაც უნდა იმუშაოს ექსპორტის დაკრედიტების სააგენტომ. ბიუჯეტი არის საწყის ეტაპზე $10 მილიონი დოლარი, თუმცა შემდგომში განვითარებასთან ერთად ეს ბიუჯეტი გაიზრდება. ძალიან დიდი ალბათობით პრეზენტაცია იქნება სექტემბრის დასაწყისში", - ამბობს ქუმსიშვილი.

თავდაპირველი პროექტის მიხედვით, სააგენტოს პრეზენტაცია ივლისში უნდა მომხდარიყო, მის გადავადებაზე დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ პროექტის დახვეწაზე წინასწარ გათვლილზე მეტი დრო დაიხარჯა.

"ჩვენ გვქონდა დაანონსებული სადღაც ერთი თვის წინ, რომ უნდა გახსნილიყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა და ვართ დარწმუნებული, რომ პროდუქტი იყოს ძალიან ხარისხიანი, ჩვენ რამდენჯერმე შევიტანეთ ცვლილება მასში და ვფიქრობთ, რომ ბარემ სრულყოფილი და კარგად მომზადებული პროდუქტი გამოვიტანოთ", - ამბობს ქუმსიშვილი.

საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე ფონდის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ექსპორტიორ კომპანიებს რამდენიმე მიმართულებით აქვთ პრობლემები, მათ შორისაა პროდუქციის გატანის დაზღვევა, უცხოელი პატრნიორების მოძიება, ტრანსპორტირება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. საგანელიძე ფიქრობს, რომ ექსპორტიორებს ამ პრობლემათა მოგვარებაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. 

ექსპორტის წახალისების სააგენტოს შექმნის იდეა გიორგი კვირკაშვილს ეკუთვნის. სააგენტოს შექმნის ინიციატივა კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე წამოაყენა. პროექტის ფარგლებში ექსპორტიორი ბიზნესები სახელმწიფოსგან ფინანსურ რესურსს შეღავათიან ფასად მიიღებენ, რასაც სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი - საპარტნიორო ფონდი საკუთარი მოგებიდან დააფინანსებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები