სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ი შსს-ს: ყრილობაზე კომუნისტური იდეოლოგიის გაღვივების პრევენცია მოახდინეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა კომისიამ წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქალაქ თელავში "სოციალისტური საქართველოს" დაგეგმილ ყრილობაზე უზრუნველყოს "კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები" და მიიღოს სათანადო ზომები. აღნიშნული კომისია თავისუფლების ქარტიის კანონით არის განსაზღვრული და შსს-ს სწორედ თავისუფლების ქარტიის მიზნებიდან გამომდინარე მიმართა. კომისია აღნიშნავს, რომ ყრილობაზე სოციალისტურმა საქართველომ შესაძლოა, გამოიყენოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია. 

 

სუს-ის ცნობით, კომისიამ ასევე გაუგზავნა მიმართვა ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიას, რათა „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, საჯარო ღონისძიებაში არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება.

"წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები" - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს, სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო, თელავის ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებელში ყრილობას მართავს. მათ მოსაწვევზე წერია, რომ ღონისძიებას რუსეთის დუმის დეპუტატი დაესწრება.

კომენტარები