ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: სამინისტრომ სასკოლო წიგნების დაბეჭდვისთვის 4-ჯერ ძვირი ხელშეკრულება გააფორმა

Sergo Ratiani/Fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების სერგო რატიანისა და მარიამ რამინაშვილის მტკიცებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2016-2017 წლის სასკოლო წიგნების დაბეჭდვისთვის 4-ჯერ ძვირადღირებული ხელშეკრულება გააფორმა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. მათი თქმით, 2.5 მლნ ლარად, სახელმძღვანელოებს შპს ფორმა დაბეჭდავს. ენმ აღნიშნავს, რომ გამომცემლობებში არსებობს საჭირო რაოდენობის ნაშთი და, თავის მხრივ, გამომცემლობები მზად არიან, მეოთხედ ფასად გადასცენ სამინისტროს საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელო.

"შესაბამისად, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა, რომელიც ბიუჯეტის თანხების გაფლანგვისკენაა მიმართული. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წიგნების საცალო ღირებულება ზოგ შემთხვევაში 20 ლარს შეადგენს. და ეს მაშინ, როცა გამომცემლები აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ, ორ ლარ-ნახევრად მიეყიდათ სახელმწიფოსთვის გამომცემლობებში ნაშთის სახით არსებული მარაგი" - აცხადებენ ენმ-ში.

მათი ინფორმაციით, გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობის სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა საჭირო მონაცემების შეგროვება.

"თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების დიდი ნაწილი სასკოლო რვეულების ბეჭვდისთვისაა განკუთვნილი, რაც ერთჯერადი გამოყენებისაა. შესაბამისად, ყოველგვარი კვლევის გარეშე შესაძლებელი იყო ეს სეგმენტი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონმდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განხორციელებულიყო.

გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მონაკვეთი ბეჭვდისა და დისტრიბუციის ჩათვლით, ხელშეკრულების დაგვიანებით გაფორმების გამო, სასწავლო წლის დაწყების თარიღს ცილდება, რაც ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების მიწოდება ვერ განხორციელდება საჭირო ვადებში. ამან კი, თავის მხრივ, შესაძლოა, სასწავლო პროცესის ჩაშლა გამოიწვიოს" - განაცხადეს პარტიაში.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2013-1016 წლებში, უფასო სახელმძღვანელოების პროექტისათვის 36 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც გამარტივებული შესყიდვით, ერთპირთან მოლაპარაკების საფუძველზე, 29 მილიონი კონკრეტულ პირებზე ელექტრონული ტენდერის გარეშე გაიცა. ენმ-ის შეფასებით, ამ ფაქტით პირდაპირ დასტურდება, რომ არსებული ინიციატივით განათლების სისტემაში დასაქმებული მაღალჩინოსნების პირადი ინტერესების გამო სახელმწიფო ბიუჯეტი დაზარალდა.

"2013 წლიდან დღემდე უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა მუდმივად ტოვებს კითხვის ნიშნებს, რაზეც ჩვენს გამოსვლებში არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება. ასევე, ამ საკითხს საკმაოდ ვრცელი ადგილი ჰქონდა დათმობილი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ სახეზეა კორუფციისა და პროტექციონიზმის ნიშნები, რაც დიდი წარმატებით გაგრძელდა ახალი მინისტრის მოღვაწეობის პერიოდშიც.

ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა, შპს ,,ფორმას" მიერ სუბქოტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ შერჩეული სტამბა საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობითა და ვადების გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს შეკვეთის შესრულებას, მაშასადამე, სამინისტროს მიერ გაკეთებული არჩევანი, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, გარკვეული წრეების პირად ინტერესებს ემსახურება.

აქვე, კიდევ ერთხელ, ჩვენი მხრივ, ვპირდებით გამომცემლობებსა და სახელმძღვანელოების ავტორებს, რომ - ჩვენ 2017 წელსვე მოვახდენთ სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრის დერეგულაციას. შედეგად, გაუმჯობესდება სახელმძღვანელოების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, დაცული იქნება სახელმძღვანელოს ავტორთა საავტორო უფლებები" - აცხადებენ ენმ-ში.

 

კომენტარები