პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პირი, რომელიც პოლიციელს მანქანით დაეჯახა, პრეზიდენტმა კონსულტანტად დანიშნა

ე.წ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივანე ჩიღვინაძე საქართველოს პრეზიდენტმა კონსულტანტად დანიშნა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით, "მისი უშუალო საქმე იქნება სწორედ ის, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა წინააღმდეგობით მოძრაობაში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იყო პოლიტიკურად დევნილი, სრულად აღდგეს საკუთარ უფლებებში".

ანა დოლიძემ ენმ-ის დეპუტატს ირმა ნადირაშვილს უპასუხა, რომელმაც Facebook-ში გაავრცელა ჩიღვინაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია. დოლიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა თავის ჩვეულ სტილში, ამჯერად მტკნარი სიცრუით აგრძელებს უკვე მეორე წრეზე იმ ხალხის დევნას, რომელიც თავის დროზე მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში და რომელიც უკვე ერთხელ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ეს სამწუხარო რეალობა არის ქართული ოცნების ხელისუფლების უნიათობის ბრალი ნაწილობრივ. ივა ჩიღვინაძე ნამდვილად იმუშავებს პრეზიდენტის კონსულტანტად".

ცნობისთვის, ივანე ჩიღვინაძე ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ–ერთი მსხვილი შემომწირველი იყო. ის 2011 წლის 26 მაისს დააპატიმრეს. გამოძიების განცხადებით, ჩიღვინაძე ნინო ბურჯანაძის ესკორტის ერთ-ერთ მანქანას მართავდა. ბურჯანაძის ექსკორტის ავტომობილები მაშინ რამდენიმე ადამიანს შეეჯახა. ცხრა პოლიციელი დაშავდა, ხოლო ერთი - გარდაიცვალა. საქმეზე ბრალი შვიდ პირს წარუდგინეს. 

სასამართლოს ინფორმაციით, ივანე ჩიღვინაძე 26 მაისის აქციის დაშლის დაწყებისას, სხვა პირებთან ერთად, ჩაჯდა მისსავე სახელზე რეგისტრირებულ თეთრი ფერის ტოიოტა-ლენდკრუიზერის მარკის (სახელმწიფო ნომრით QSQ808) ავტომანქანაში და მეტროსადგურ თავისუფლების მოედნის მიმართულებით მაღალი სიჩქარით გაემართა, რა დროსაც დაეჯახა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს გიორგი დათიაშვილს. ამის შემდეგ, ჩიღვინაძე მიიმალა, დათიაშვილი კი – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასამართლოსა და პროკურატურის ცნობით, ჩიღვინაძემ ბრალი აღიარა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ივანე ჩიღვინაძის მიერ აღიარების და გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

2011 წლის 25 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და ივანე ჩიღვინაძეს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 4 წელს მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდიდა, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე ჩიღვინაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა მისი მართვის ქვეშ მყოფი თეთრი ფერის ”ტოიოტა-ლენდკრუიზერი”-ს მარკის ავტომანქანა. რაც შეეხება გარდაცვლილ პოლიციელ ვლადიმერ მანსურაშვილს, მას გამოძიების ცნობით, ნინო ბურჯანაძის ექსკორტის კიდევ ერთი წევრი ალექსანდრე ბიბილური დაეჯახა. 

"გამოვედი აქციიდან, თეტრი ტოიოტას ჯიპით, დავინახე ესკორტი და ჩავუდექი სადღაც შუაში. მომიტინგეთა და სპეცრაზმის რაოდენობა ძალიან დიდი იყო. ამ დროს გავკარი სარკე და დავაკარგინე წონასწორობა ამ პიროვნებას, რომელსაც შემდგომ, უკანა მანქანამ გადაუარა" - ამბობს ივანე ჩიღვინაძე აღიარებით ჩვენებაში.

ივანე ჩიღვინაძე და ალექსანდრე ბიბილური 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მარტში ჩიღვინაძე პოლიციას კიდევ ერთხელ ჰყავდა დაკავებული, იარაღის უკანონო ტარებისთვის.

კომენტარები