ღვინის ექსპორტი

ღვინის ექსპორტი 42%-ით გაიზარდა, ქვეყნების ხუთეული, სადაც ექსპორტი მაქსიმალურია

flickr.com

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ექსპორტის შვიდი თვის ანგარიში გაავრცელა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან უცხოეთში 23.9 მილიონი ბოთლი (0,75 ) ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტი წინა წელთან შედარებით 42%-ით არის გაზრდილი, მისგან მიღებული შემოსავლები კი $52 მილიონს შეადგენს. ექსპორტში პირველი ადგილი ისევ რუსეთს უჭირავს, აქ 12.7 მილიონი ბოთლია ექსპორტირებული, რაც მთლიანი ექსპორტის 53%-ს შეადგენს. რუსეთის მიმართულებით ექსპორტი 50%-ით გაიზარდა, 152%-ით არის გაზრდილი ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით და ის 2.5 მილიონ ბოთლს შეადგენს.

ქართული ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - 12.7 მილიონი ბოთლი
  2. უკრაინა - 2.6 მილიონი ბოთლი
  3. ჩინეთი - 2.5 მილიონი ბოთლი
  4. ყაზახეთი - 1.9 მილიონი ბოთლი
  5. პოლონეთი - 1.2 მილიონი ბოთლი

ქართული ღვინო 44 ქვეყანაში იყიდება. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მისი ექსპორტი ჯერ კიდევ დაბალია, მაგალითად, გერმანიაში წელს 172 ათასი ბოთლია ექსპორტირებული, დიდ ბრიტანეთში 58 ათასი ბოთლი. თუმცა, იმ ქვეყნებში, სადაც ქართულ ღვინოს იცნობენ, მისი ექსპორტი უფრო მასშტაბურია: პოლონეთი 1.1 მილიონი ბოთლი, ბელარუსი 0.5 მილიონი ბოთლი, ესტონეთი 379 ათასი ბოთლი, ყირგიზეთი 163 ათასი ბოთლი.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია "ქინძმარაული" – 3.2 მილიონი ბოთლი, "მუკუზანი" – 1.2 მილიონი ბოთლი, "წინანდალი" – 1 მილიონი ბოთლი, "ახაშენი" –  518 ათასი ბოთლი, "ხვანჭკარა" – 169 ათასი ბოთლი.

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4.3 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 32%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტშიც წამყვანი ადგილი რუსეთს უჭირავს, მეტიც რუსეთის ცენტრალური და ადგილობრივი ალკოჰოლის ბაზრების კვლევის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოზე რუსული ბრენდის ბაზრის 48% მოდის.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 92,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 7 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 70,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

რუსეთის ბაზარზე ასეთი მაღალი საბაზრო წილის არსებობა გარკვეულ რისკებს შეიცავს, რაც შესაძლოა რუსეთის მიერ იმპორტის პოლიტიკური მიზნებით შეზღუდვაში აისახოს.

კომენტარები