რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ენმ ხელისუფლებას რუსეთიდან დეპორტაციის საქმეზე უმოქმედობაში ადანაშაულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციის საქმეზე უმოქმედობაში ადანაშაულებს. ოთარ კახიძის ცნობით, 4000-მდე პირი, რომლებიც რუსეთმა ქვეყნიდან გამოაძევა, კომპენსაციის გარეშე რჩება, რადგან იუსტიციის სამინიტრომ ევროსასამართლოს 4 600 დეპორტირებულიდან, სტრასბურგს მხოლოდ 600-მდე დაზარალებულის მონაცემები გადაუგზავნა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებაზე საუბარს თავი აარიდა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ბრალდებებზე კონკრეტული პასუხი არ აქვს არც საგარეო საქმეთა მინისტრს. მიხეილ ჯანელიძის მტკიცებით, დეპორტაციის საქმესთან დაკავშირებით შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მოძიება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეფასებით კი, ოპოზიციის განცხადებები სპეკულაციაა.

პირველი განაცხადი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ 2007 წლის მარტში შეიტანა. დადგენილება საქმის არსებითი განხილვის თაობაზე სტრასბურგის სასამართლომ 2009 წლის ივნისში მიიღო. 2014 წლის ივლისში ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ განჩინება გამოიტანა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილ სახელმწიფოთაშორის განაცხადზე. 17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ ხმათა უმრავლესობით დაადგინა, რომ კონვენციის დარღვევას ჰქონდა ადგილი უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვასთან, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებასთან, სამართლიან სასამართლო განხილვის უფლებასთან, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებასთან მიმართებით.

 

კომენტარები