თბილისის მერია

თბილისის მერია ვერ ასახელებს "თვითნებური თხრისთვის დაჯარიმებულ კომპანიებს"

თბილისის მერია ვერ ასახელებს კომპანიებს, რომლებიც, დავით ნარმანიას თქმით, თვითნებური თხრისთვის დააჯარიმეს. ტაბულამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია - თვითნებურად გადათხრის გამო, რომელი კომპანიები დააჯარიმეს და კონკრეტულად რომელი ქუჩების გადათხრისთვის. მერიის პასუხში კი მხოლოდ ის წერია, რომ 2015 წლიდან დღემდე, თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა 21 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. თბილისის მერია აღნიშნავს, რომ მათ სხვა სახის სტატისტიკა არ უწარმოებიათ.

"ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 152 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, თბილისის ტერიტორიაზე ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა, სამშენებლო მასალებით მათი ჩახერგვა, გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისთვის დადგენილი პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სხვადასხვა იურიდიული პირის მიმართ, 2015 წლიდან დღემდე, შედგენილი იქნა 21 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ასევე გაცნობებთ, რომ სხვა სახის სტატისტიკა ზედამხედველობის სამსახურის მიერ არ განხორციელებულა", - წერია თბილისის მერიის წერილში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, "იყო [თვითნებურად გადათხრის] ცალკეული შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები მერიის ნებართვის გარეშე აწარმოებდნენ შესაბამის სამუშაოებს. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით, ჩემი დავალებით, გავაკეთეთ მაშინ შემოწმება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდა უფრო მეტად ოპერატიული თბილისის მერიის მხრიდან, როცა კომპანიები შემოდიან ნებართვაზე. ამიტომაც, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ცალკეულ კომპანიებს მიეცათ მითითებები, შენიშვნები. რამდენიმე კომპანია დაჯარიმდა კიდეც ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან და ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ჯარიმების სახით, ბიუჯეტში თანხის მობილიზება მოვახდინეთ, მეორე მხრივ, კომპანიები დღეს უფრო ფრთხილად არიან და იღებენ შესაბამის ნებართვას თბილისის მერიიდან. თვითნებურ გადათხრებს, დღეის მდგომარეობით, ქალაქში ადგილი არ აქვს".

კომენტარები