თურქეთი

ფეთულა გიულენი: "ეს უფრო ჰოლივუდის ფილმს ჰგავს, ვიდრე სახელმწიფო გადატრიალებას"

„გადატრიალების ყველა მონაწილე მკაცრად აგებს პასუხს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობის კრახის შემდეგ. სამხედრო გადატრიალების მცდელობას 300-მდე ადამიანი შეეწირა, 2100 - დაიჭრა, 6000 - დაიჭირეს, მათ შორის - 3000 სამხედრო. დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდა ყოფილი გენერალი აქინ ოზთურქი, საჰაერო ძალების მთავარსარდალი. აღსანიშნავია, რომ დაპატიმრებულთა შორის არა მხოლოდ სამხედრო პირები, არამედ 2745 მოსამართლე და პროკურორი და 149 პოლიციელი მოხვდა. მათ ბრალად წაუყენეს „შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაგდება ძალისა და ძალადობის გამოყენებით“.

სამხედრო გადატრიალების მცდელობაში პრეზიდენტმა ერდოღანმა აშშ-ს დასდო ბრალი, კონკრეტულად კი - ამერიკაში მცხოვრებ თავის თანამემამულეს ფეთულა გიულენს, რომელიც 1999 წლიდან პენსილვანიაში დევნილობაშია. ერდოღანმა აშშ-ს გიულენის გადაცემა მოსთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ თურქეთმა ამისთვის სათანადო მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. თავად ფეთულა გიულენმა დაგმო გადატრიალება და განაცხადა, რომ გმობდა ყველა ადამიანს, ვინც გადატრიალებას დემოკრატიის, თავისუფლებისა და რესპუბლიკის წინააღმდეგ იყენებდა.

გიულენის სახელი ისე მჭიდროდ დაუკავშირდა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას, რომ ბევრი კითხვა გაჩნდა: ვინ არის ფეთულა გიულენი და რა აკავშირებს მას თურქეთის პრეზიდენტთან? დგას თუ არა ის გადატრიალების მცდელობის უკან?

ვინ არის ფეთულა გიულენი?

ფეთულა გიულენი თურქი იმამი, პოეტი, მეცნიერი და პოლიტიკოსია, რომელმაც გიულენის მოძრაობა (მას ასევე ჰიზმეთს უწოდებენ) დააარსა. გიულენი ჰანაფიტურ ისლამს ქადაგებს და ისლამური დემოკრატიისკენ მოუწოდებს. უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლამდე გიულენი პრეზიდენტ ერდოღანის მოკავშირე იყო, თუმცა ეს ალიანსი 2013 წელს დაიშალა, მას შემდეგ, რაც თურქეთში კორუფციის გამოძიება დაიწყო და ერდოღანმა გიულენს კორუფციაში დასდო დასდო. ამჟამად გიულენი ამერიკაში ცხოვრობს. თურქეთის სახელმწიფომ მასზე, როგორც ტერორისტზე, ძებნა გამოაცხადა, მისი ორგანიზაცია კი, გიულენისტების ტერორისტული დაჯგუფების სახელით, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა.

გადატრიალების მცდელობის მსხვერპლთა დაკრძალვაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ ის „ვირუსისგან გაწმენდდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს“. „წმენდას“ ვერც განათლების სექტორი გადაურჩა. 1500-მდე ფაკულტეტის დეკანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, აკადემიური სფეროს 21000 წარმომადგენელს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. როგორც ჩანს, ერდოღანი გიულენის მოძრაობის ფესვებს განათლების სექტორში ხედავს. უნდა აღინიშოს, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს ერდოღანსა და ფეთულა გიულენს შორის დაპირისპირების შემდეგ, გიულენის სკოლების და ინსტიტუტების დახურვა დაიწყეს როგორც თურქეთში, ასევე სხვა ქვეყნებში. დახურვის მოტივი გახდა გიულენისტების დადანაშაულება ტერორიზმში. ყაზახეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სომალიში, იაპონიაში გიულენის სკოლების დახურვის პროცესი დაიწყო. 2014 წელს აზერბაიჯანში დაიხურა კავკასიის უნივერსიტეტი, რომელიც გიულენის სახელთან ასოცირდებოდა. 13 საგამოცდო ცენტრი და 11 საშუალო სკოლა სახელმწიფოს მმართველობაში გადავიდა და მასწავლებელთა დიდი ნაწილი ამ სკოლებიდან გათავისუფლდა. სკოლები ასევე დაიკეტა ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. უზბეკეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 1990 წელს დახურა 65 საშუალო სკოლა, რომელიც გიულენის სახელს უკავშირდებოდა. მთავრობის გადაწყვეტილება ისლამური ფუნდამენტალიზმის საფრთხით იყო გამოწვეული. უზბეკეთის ხელისუფლება შიშობდა, რომ ამ სკოლების კურსდამთავრებულები ეცდებოდნენ სახელმწიფოს დასუსტებას და ქვეყანაში მოქმედი რადიკალური ისლამური მოძრაობის გაძლიერებას. თურქმენეთში თურქულ-თურქმანული სკოლების უმრავლესობა, რომელსაც თურქული ისლამური მოძრაობა „ნარჩილე“ მხარს უჭერდა, 2011 წელს ასევე დაიხურა. ცენტრალურ აზიაში საშუალო სკოლების დახურვა განაპირობა რეგიონის ქვეყნების სურვილმა, რომ მათ საკუთარი სახელმწიფოებრივი იდენტობა ჩამოაყალიბებინათ და თურქული გავლენისგან გათავისუფლებულიყვნენ.

ფეთულა გიულენი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

გიულენის მოძრაობა გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩაისახა იზმირში, სადაც გიულენი ერთ-ერთ მედრესეში სახელმწიფო იმამად მუშაობდა. გიულენი შეეცადა საკუთარი ქსელი სკოლების და ინსტიტუტების დაარსებით შეექმნა. ამიტომ ის მომხრე ბიზნესმენებს მოუწოდებდა, ინვესტიცია განათლებაში ჩაედოთ და დაეარსებინათ სკოლები როგორც თურქეთში, ისევე საზღვარგარეთ. შედეგად, 2000 წლისთვის გიულენის განათლების ქსელი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და გიულენის სკოლები, სასწავლო ცენტრები და უნივერსიტეტები დაარსდა აზერბაიჯანში, ალბანეთში, მაკედონიაში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, ტაილანდში. სკოლების რეპუტაცია და წარმატება იქ სწავლების მაღალმა ხარისხმა განაპირობა.

გიულენის ფილოსოფია კარგად ჩანს მის მიერ დაარსებული მოძრაობის სახელშიც „ჰიზმეთ“, რაც ქართულად მომსახურებას, სამსახურს ნიშნავს. გიულენის ფილოსოფია ეფუძნება რელიგიის, მეცნიერებისა და თურქული ნაციონალიზმის სინთეზს, ტრადიციისა და თანამედროვეობის შეჯერების მცდელობას. გიულენის მოძრაობა აპოლიტიკურად ითვლებოდა და სწორედ ამიტომ თავად ფეთულა გიულენი პოლიტიკური განცხადებებისგან დისტანცირებას ყოველთვის ცდილობდა.

1995 წლიდან გიულენი აქტიურად ერთვება ინტერრელიგიურ დიალოგში და ხელს უწყობს ასობით ინსტიტუტის, გაერთიანების თუ საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნას, რომელიც რელიგიათაშორის დიალოგზე მუშაობს. ის იწყებს სამი ძირითადი მტრის: სიღარიბე, გაუნათლებლობა და გათიშულობა, წინააღმდეგ ბრძოლას. შედეგად მოძრაობამ საქველმოქმედო საქმიანობისა და სოციალური ქსელის საგანმანათლებლო პროექტებად გარდაქმნა შეძლო. სკოლების დაარსება დაიწყო არა მხოლოდ ისეთ ღარიბ ქვეყნებში, როგორიც ყირგიზეთი იყო, არამედ კონფლიქტის ზონებშიც: ალბანეთი, კოსოვო, ბოსნია, ჩრდ. ერაყი, ავღანეთი. გიულენს როდესაც ჰკითხეს: რატომ აფუძნებთ სკოლებს იქ, სადაც მუსლიმი თურქები არ არიან, რას ელითო? მან უპასუხა: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თურქული კულტურა და ტოლერანტობის ჩვენეული კონცეფცია ცოცხალი დიალოგისთვის ახალ საფუძველს შექმნისო.

2002 წელს თურქეთში სეკულარული მმართველობა ნეოისლამისტურმა ძალამ ჩაანაცვლა მას შემდეგ, რაც არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტიამ გაიმარჯვა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პარტია დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ იმარჯვებს არჩევნებში და ხმების 30%-ზე მეტს იღებს. ისლამისტური პარტიის გამარჯვებამ ისლამურ ორგანიზაციებს და მოძრაობებს საწყის ეტაპზე მეტი განვითარების და მოქმედების საშუალება მისცა. მათ შორის გიულენის მოძრაობაც იყო, რომელიც ერდოღანის პარტიას მხარს უჭერდა. სამართლიანობის და განვითარების პარტიისთვის გიულენის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ უკანასკნელს საკუთარი ქსელი სხვადასხვა პოლიტიკურ ბიუროკრატიულ ინსტიტუტში უკვე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან შეექმნა. გიულენის მოძრაობასთან ალიანსის მთავარი მიზეზი სამხედროების როლის და გავლენის შესუსტება იყო, რომელიც ჯერ კიდევ თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან ისლამურ ძალებს საფრთხეს უქმნიდა. გიულენის მოძრაობას, თავის მხრივ, ხელს აძლევდა ერდოღანის პარტიასთან თანამშრომლობა, რადგან ქვეყანაში მეტი უშუალო პოლიტიკური გავლენის მოპოვება შეეძლო. ამიტომ, „დიდი ალიანსი“ შედგა და პირველი ორი ვადის განმავლობაში წარმატებულიც გამოდგა. თუმცა, ბევრისთვის გასაოცრად, 2011 წლიდან ალიანსმა დაშლა დაიწყო და 2013 წელს საბოლოოდ დაიშალა.

დაპირისპირების პირველი ნიშნები 2011 წლის სექტემბერში გამოჩნდა, როდესაც ოსლოში ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლებსა და უშიშროების სამსახურის უფროსთან ჰაქან ფიდანთან საიდუმლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა. თურქეთის პოლიტიკისთვის უცნაური იყო ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაცის წარმომადგენლებთან ასეთი მაღალი რანგის მოხელის შეხვედრა, რამაც გიულენის მოძრაობის წევრებში კითხვები გააჩინა. მათ ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეს, რაც პირველი შემთხვევა გახდა 2002 წლის შემდეგ ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლიდან. პრემიერმინისტრ ერდოღანის მხრიდან ფიდანის დაცვამ და განცხადებამ, რომ მან თვითონ გააგზავნა ფიდანი ოსლოს შეხვედრაზე, კონფლიქტი უფრო გააღრმავა. ამას ხელი შეუწყო პრემიერის გადაწყვეტილებამ, ფიდანისთვის იმუნიტეტი მიეცა, რათა მისთვის დაკითხვები აერიდებინა. ოსლოს შეხვედრამ ასევე გამოაჩინა თურქეთის პოლიტიკის დათბობის ნიშნები ქურთისტანის მუშათა პარტიის მიმართ, რამაც მოსახლეობა აღაშფოთა და 2013 წელს ქვეყანაში გამოსვლები დაიწყო. გიულენისტები სიფრთხილით ადევნებდნენ თვალს საპროტესტო გამოსვლებს და არ ერეოდნენ, რადგან „საკუთარ ბრძოლად“ არ თვლიდნენ. თუმცა ასევე არ სურდათ არასწორ მხარეს დგომა თურქეთისთვის ისტორიულ დროს. ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება უშედეგო აღმოჩნდა და ხელისუფლებამ გიულენის მოძრაობა ოპოზიციად ჩათვალა. გეზის ოპოზიციური მოძრაობის მიმართ ხელისუფლების პასუხი აგრესიული აღმოჩნდა და სამართლიანობის და განვითარების პარტიამ მეტოქესთან ბრძოლა დაიწყო. სიის სათავეში, რა თქმა უნდა, გიულენის მოძრაობა მოექცა.

2013 წლის ნოემბერში ხელისუფლებამ განათლების ახალი პოლიტიკა გამოაცხადა, რაც ითვალისწინებდა ყველა საგამოცდო ცენტრის დახურვას, რომელიც აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის ამზადებდა. ეს დიდი დატყმა აღმოჩნდა გიულენისთვის.

კონფლიქტმა პიკს 2013 წლის თებერვალში, არჩევნებამდე სამი თვით ადრე მიაღწია, როდესაც კორუფციის გამოძიება დაიწყო და ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ნიშნები გამოიკვეთა. საიდუმლო ჩანაწერები გამოქვეყნდა ანინიმური წყაროდან, სადაც ჩაწერილი იყო ხელისუფლების წევრების, მათ შორის, პრემიერისა და მისი ოჯახის წევრების სატელეფონო საუბრები და კორუცფციული გარიგებები. ერდოღანის ხელისუფლებამ საპასუხო ზომებს მიმართა და 2013 წლის მაისის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ასობით პოლიციელი, გამომძიებელი და მოსამართლე სამსახურებიდან გაათავისუფლა. ბიუროკრატიულ წმენდას გიულენთან დაკავშირებულ ბიზნესმენებსა და მედიაზე შეტევა მოჰყვა. 2014 წლის დეკემბერში პოლიციამ გიულენისტების მთავარ სატელევიზიო არხში - სამანიოლუ - რეიდი ჩაატარა და მთავარი რედაქტორი ექრემ დუმანლი და გენერალური მენეჯერი ჰიდაიეთ ქარაჩა დააპატიმრა. მათ სამხედრო ორგანიზაციის დაარსებაში ედებოდათ ბრალი, თუმცა დუმანლი მალევე გაათავისუფლეს.

2014 წლის ოქტომბერში გიულენის ფინანსურ ინსტიტუტებს შეუტიეს, მათ შორის, ბანკს ასია. ხელისუფლებამ აიძულა ბიზნესმენები საკუთარი ფული გაეტანათ ბანკიდან. საბოლოოდ კი, 2015 წლის მაისში, ბანკის მესაკუთრე სახელმწიფო ფონდი გახდა და ახალი რწმუნებული დაუნიშნეს.

2015 წლის არჩევნებში სამართლიანობის და განვითარების პარტიის გამარჯვებამ ცხადყო, რომ ერდოღანის პარტიამ გაიმარჯვა გიულენის მოძრაობაზე და ეს უკანასკნელი დამარცხებული სეკულარისტების რიგში ჩადგა.

ვინ დგას გადატრიალების უკან?

თურქეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ძირითადად ერთი კითხვა ისმის: ვინ იდგა ამ გადატრიალების მცდელობის უკან? ვის აძლევდა ხელს მოვლენების ასეთი განვითარება?

შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ სიტუაციიდან გამარჯვებული რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოვიდა. მოსახლეობამ და ქვეყნის ყველა ოპოზიციურმა ძალამ დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს მხარი ცალსახად დაუჭირა. პრეზიდენტის მოწოდებას, ხალხი ქუჩაში გამოსულიყო სახელმწიფოს დასაცავად, ათასობით მოქალაქე გამოეხმაურა და ქუჩებში გავიდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მედიაში თურქეთის პრეზიდენტის კარიკატურებიც კი გამოჩნდა ოსკარით ხელში. მედიის დიდი ნაწილი მას გადატრიალების მცდელობის ავტორად მიიჩნევდა. მოვლენების განვითარებას და შედეგებს თუ გავყვებით, ეს პოზიცია აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის.

თურქეთის არმიამ საბოლოოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც დაკარგა სათანადო სახე. ისლამური მოძრაობები, რომელიც ერდოღანის პარტიამ ადრევე დაამარცხა, სეკულარისტების მსგავსად ვეღარ ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ქვეყანაში. გიულენის მოძრაობას რაც შეეხება, მისი დამფუძნებელი ბრალდებულია გადატრიალებაში და ვინ იცის, როდის შეძლებს ისევ გავლენის მოპოვებას.

თურქეთის სასამართლომ მასზე დაპატიმრების ორდერი გასცა, თუმცა აშშ-ისთვის ოფიციალურად ჯერ არავის მიუმართავს გიულენის ექსტრადირების მოთხოვნით. თვითონ გიულენი ერდოღანს სდებს ბრალს გადატრიალების ინსცენირებაში და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელს ქვეყანა ავტორიტარიზისკენ მიჰყავს. „თუ ვინმე იპოვის სატელეფონო საუბარს, თუ ბრალდების ერთი მეათედიც კი მართალი აღმოჩნდება, მე ქედს მოვიხრი და ვიტყვი: „ისინი სიმართლეს ამბობენ, წამიყვანონ შორს და ჩამომახრჩონ“, - განაცხადა ფეთულა გიულენმა სი-ენ-ენთან ინტერვიუში.

კომენტარები