თუშეთის გზა

პრემიერი: თუშეთამდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა აშენდება

Intermedia

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირკაშვილმა ომალოში, თუშეთობის დღესასწაულზე განაცხადა, რომ თუშეთის გზის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მისივე თქმით, თუშეთის გზას დიდი მნიშვნელობა ექნება ტურიზმის განვითარების კუთხით. პრემიერმა, ასევე, აღნიშნა, რომ ეს გზა დიდ როლს შეასრულებს უსაფრთხოებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კუთხით.

"ეს გზა აუცილებლად აშენდება და იგი იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა, იმისათვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზები, რომელზეც ვმუშაობთ, იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ამ მხარის, ამ კულტურის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება. გზას ექნება ბევრი დანიშნულება, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმის განვითარების, რომ აქაურმა ოჯახებმა მეტი შემოსავალი ნახონ და ჰქონდეთ მეტი ინტერესი იმის, რომ მცირე სასტუმროები გაიხსნას, ადგილობრივი რეწვა განვითარდეს. რა თქმა უნდა, ექნება ასევე უსაფრთხოების დანიშნულება, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სასაზღვრო რეგიონი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას. მას ასევე ექნება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების დანიშნულება, ვინაიდან გზის და კომუნიკაციის და ინფრასტრუქტურის გარეშე ეს იქნება შეუძლებელი", - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები