ასლან აბაშიძის საქმე

ასლან აბაშიძეს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ასლან აბაშიძე
kommersant.com

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურ ასლან აბაშიძეს დაუსწრებლად, 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აბაშიძეს რამდენიმე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის ნოდარ იმნაძის მკვლელობა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ამ საქმეზე მას 2 წელი და 7 თვე მიუსაჯა, ხოლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, სასამართლომ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური დამნაშავედ სცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის განზრახ შეუსრულებლობაში და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მკვლელობაში. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აბაშიძის მმართველობის პერიოდის სხვა მაღალჩინოსნების საქმეებზეც გამოაცხადა გადაწყვეტილება. სოსო გოგიტიძეს და დავით ხალვაშს პატიმრობა მიესაჯათ. 

ასლან აბაშიძის და მასთან დახლოებული პირების წინააღმდეგ გამოძიება 2004 წელს დაიწყო.

კომენტარები