თვითმკვლელობამდე მიყვანა

სახალხო დამცველი ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს შეისწავლის

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს.

"სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის 22 წლის ახალგაზრდის დ.ს.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ოჯახის წევრებს დღესვე შეხვდებიან და გამოძიების მიმდინარეობას დააკვირდებიან. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება მთავარმა პროკურატურამ და ყველა პირველი საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩაატაროს პროკურატურამ, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება, იკვეთებოდეს სამართალდამცავების დანაშაული", - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. ტაბულას გარდაცვლილის მეგობარმა უთხრა, რომ დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა. წერილში წერია, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია, ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის სოფლებში - დაფნარში, კულასა და საჯავახოში. გარდაცვლილის მეგობარმა ტაბულას უთხრა, რომ დაკრძალვის შემდეგ, ოჯახი ჩივილს აპირებს.

წერილში, რომელიც გარდაცვლილის მეგობრის თქმით, დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ "პოლიციელი გოდერძი თევზაძე მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა". წერილის მიხედვით, პოლიციელმა გარდაცვლილი 2016 წლის 7 აგვისტოს სცემა.
 

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკითხს ამ დრომდე არკვევენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები