ვლადიმერ ბედუკაძის პარტია

ცენტრისტებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე რესპუბლიკური პარტიაც მუშაობს

თამარ კორძაია
ტაბულა

რესპუბლიკური პარტია აპირებს ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა და პარლამენტის წევრებს მოუწოდა შეუერთდნენ სარჩელის მომზადებაში. დეპუტატის განმარტებით, პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაჟღერებული განაცხადი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მითითებულ ნორმას, ასევე, „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის მე–5 მუხლისა და 23–ე მუხლი მე–4 და მე–5 პუნქტების მოთხოვნებს. 

"ჩვენ, რესპუბლიკურ პარტიისა და ფრაქცია რესპუბლიკელების წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ განსახილვევლი შემთხვევა, კერძოდ, რუსული ბაზების განთავსების და ე.წ. „რუსული პენსიის“ დაპირება, არის კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მითითებული ნორმების დარღვევა, თუ არაფერს ვიტყვით ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფაზე, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს მთლიანობისთვის ბრძოლაში. დღეს არის 14 აგვისტო, აფხაზეთში ომის დაწყების დღე! ჩემთვის, აფხაზეთიდან დევნილისთვის ისევე, როგორც ყველა იმ ადამიასათვის, რომელიც ჩემსავით გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, განსაკუთრებით მიუღებელია მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ჯგუფის არსებობა საქართველოში! შესაბამისად, მე, როგორც პარლამენტის წევრი და ფრაქცია რესპუბლიკელების წარმომადგენელი, ფრაქციის სახელით გამოვდივარ ინიციატივით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონისა მე–19 მუხლის „გ“ პუნქტისა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 35–ე და 36–ე მუხლების შესაბამისად მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით. მოვუწოდებ, ჩემს კოლეგა პარლამენტის წევრებს შემოგვიერთდნენ სარჩელის მომზადებაში ან შემოურთდნენ ჩვენს მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელს. კონსტიტუციური სარჩელის შესატანად საჭიროა პარლამენტის წევრთა 1/5–ის (30 პარლამენტარი) მიერ სარჩელის წარდგენა. შესაბამისად, ველოდებით გამოხმაურებას პარლამენტის წევრებისაგან. ყველა არაკეთილმოსურნემ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ და ჩვენი მოქალაქეები არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, დამოუკიდებლობის და ევროატლანტიკური კურსისათვის საფრთხის შექმნის მცდელობას", - განაცხადა კორძაიამ.

აღსანიშნავია, რომ ბედუკაძის პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს საპარლამენტო უმრავლესობაც, ასევე, არასამთავრობო სექტორი

პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" პოლიტიკური რეკლამა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკები ფიგურირებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა. პარტიის პირველი დაპირება - "რუსული პენსია 400 ლარის ოდენობით", მეორე დაპირება - ორმაგი მოქალაქეობის კანონის მიღება, მესამე დაპირება კი საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ემიჯნება მაუწყებლის პირველადი პროფკავშირი. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში გაშვება უკვე შეაჩერა. როგორც GPB-ის განცხადებაშია აღნიშნული, მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას

კომენტარები